დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით თაღლითურად დაუფლების ათ ეპიზოდში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ.ს. სხვადასხვა ხერხით მოტყუების გზით, მათ შორის, პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმრის გათავისუფლების ცრუ დაპირებით, ასევე, თითქოსდა აუქციონის წესით უძრავი ქონების შეძენაში დახმარებისა და მძიმე სენით მკურნალობისთვის საჭირო თანხების მისაღებად, თაღლითურად დაეუფლა დაზარალებულების კუთვნილ 83 890 ლარსა და 8 750 აშშ დოლარს.

სამართალდამცველებმა დ.ს. 2022 წლის 13 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, (ხუთი ეპიზოდი)), 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით (ოთხი ეპიზოდი)) და 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობის მცდელობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Back to top button