სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს ორგანიზებით მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო. ღონისძიებას ესწრებოდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისაკადემიური დელეგაცია, რომელსაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი ადელა დე ლა ტორე ხელმძღვანელობდა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განათლების სისტემის განვითარების კუთხით საქართველოსა და აშშ-ს მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. გიორგი ამილახვარის თქმით, ქვეყნებს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას ხაზს უსვამს ის ფაქტი, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში უკვე მრავალი წელია წარმატებით ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას.
მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს მიღწევები, კურსდამთავრებულთა წარმატებული დასაქმების საკითხები და კერძო სექტორთან თანამშრომლობის შესაძლებლობები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სან დიეგოს უნივერსიტეტი – საქართველოსა და სამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას– თბილისის სახელმწიფო, საქართველოს ტექნიკურ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებს – შორის წარმატებული პარტნიორობის შედეგია არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და განხორციელებული პროექტი.
საუბარი ასევე შეეხო სამინისტროსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს. მხარეებმა აღნიშნული მიმართულებით სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს და პარტნიორობის გაფართოების მზაობა გამოხატეს.
მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა, რომელიც ყოველწლიურად იმართება, მიზნად ისახავს უნივერსიტეტსა და კერძო და საჯარო სექტორებს შორის კავშირების გამყარებას და ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას.