30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. დღეს ქართული არმია დაარსებიდან 33-ე წლისთავს აღნიშნავს.
“დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა! მინდა, თითოეულ ვეტერანს, მოქმედ სამხედროს, ოფიცერს, ყველა ფორმიან ადამიანს და სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დღე! პირველ ყოვლისა, ჩვენს თანამებრძოლებს ვულოცავ, რამეთუ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ ერთად ვქმნიდით ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ისტორიას, ერთად ვიბრძოდით, ერთად ვმარცხდებოდით და ერთად ვიმარჯვებდით! ერთად უნდა ვიდგეთ მომავალშიც, რადგან ჩვენ, ყველას, განურჩევლად ჩვენი ეთნიკური კუთვნილებისა, პოლიტიკური, თუ რელიგიური მრწამსისა, ერთი სამშობლო გვაქვს, ერთი მიწა, რომელსაც ათასობით ჩვენმა თანამებრძოლმა შესწირა თავისი ლამაზი სიცოცხლე!
მათ გმირობის უამრავი ფურცელი შემატეს ჩვენი სანუკვარი სამშობლოს ისტორიას! ბევრი კი, ომის შემდგომი ტკივილით შეუერთდა მარადისობას! ქედს ვიხრი თითოეული მათგანის ხსოვნის წინაშე! დღეს, შეიარაღებული ძალები 33 წლის გახდა! კიდევ ერთხელ გილოცავთ მეგობრებო, დებო, ძმებო, თანამებრძოლებო, შვილებო, თანამოქალაქენო! ჩვენ, ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის, ერთიანობისთვის, მშვიდობისთვის; სწორედ ამას გვავალდებულებს ჩვენი გენი და ჩვენი სამშობლოს წარსული, წინაპართა მიერ გადახდილი ბრძოლები; ვალდებულნი ვართ, ვუერთგულოთ ფიცს, რომელიც ჩვენი სამშობლოს წინაშე დავდეთ! დღეს, ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ, რამეთუ სხვა გზა და სხვა ხსნა, ”არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი, არ გაგვაჩნია!” ერთიანი ძალებით უნდა ვაშენოთ ძლიერი სახელმწიფო ისევ და ისევ საქართველოს სადიდებლად! ღმერთი გვფარავდეს ჩვენ და ჩვენს სამშობლოს! გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი”