ნინო თანდილაშვილი გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ხელმძღვანელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) გენერალური დირექტორის მოადგილეს და ტექნიკური თანამშრომლობისა და მდგრადი სამრეწველო განვითარების დირექტორატის მმართველ დირექტორს სიინ ძოუს შეხვდა, –ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებით მრავალწლიანი პარტნიორული თანამშრომლობისთვის. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ. მოგეხსენებათ, საქართველო ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზეა და მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცესში პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორც იცით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, შესასრულებელი გვაქვს რიგი რეკომენდაციები, რომელთა ეფექტიანად და დროულად შესრულება ჩვენ დღის წესრიგს წარმოადგენს. ეფექტიანი თანამშრომლობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პარტნიორმა ორგანიზაციებმა სამინისტროს პრიორიტეტები გაითვალისწინოს“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
საუბარი შეეხო სურსათის უსაფრთხოების, აგროტურიზმის, ლაბორატორიული შესაძლებლობებისა და სოფლის მეურნეობის სექტორში ქალების ჩართულობის გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

სიინ ძოუს განცხადებით, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს და ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

შეხვედრას გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

Back to top button