ზურაბ ქადაგიძე: დასავლეთი დემოკრატიის სახელით ყველაზე არადემოკრატიულ ძალებს სწყალობს, მაგალითად – მიხეილ სააკაშვილს

„არა მხოლოდ ხელისუფლების დასანქცირებაზე, არამედ უკვე საქართველოს მოსახლეობის დასჯაზე დაიწყო საუბარი“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთი დემოკრატიის სახელით ყველაზე არადემოკრატიულ ძალებს სწყალობს, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილს.

„წარმოიდგინეთ, ევროკომისარ ვარჰეის მოუწია ძალაუნებურად იმ საშინელების აღიარება, რაც მან იკადრა. ამის შემდეგ, როგორც ვარჰეის, ისე სხვებსაც შეიძლება მოუწიოთ აღიარებები, თუკი კონკრეტული პიროვნებები დასახელდებიან და ამ ყველაფერს ორ ქვეყანას შორის სკანდალამდე მისული საუბრის ელფერი კი არ ექნება, არამედ, შეიძლება, საერთაშორისო, უპრეცედენტო მასშტაბის სკანდალი მოხდეს. ეს ყველაფერი იციან და სანამ საშუალება აქვთ, ცდილობენ მათრახის როლი შეასრულონ. გუშინწინ, მაგალითად, გამოვიდნენ და თქვეს, ვიზალიბერალიზაციას, სამხედრო დახმარებას და თავისუფალ ვაჭრობას მოგცემთო, ანუ თაფლაკვერი მოგვაწოდეს; გუშინ გამოვიდნენ და – დაგასანქცირებთ ყველასო, ანუ მათრახი მოგვიშვირეს.

დასავლეთს ყოველთვის ჰქონდა მანკიერებისადმი მიდრეკილება. ორმაგი სტანდარტი საიდან მოდის – ჯვაროსნები მიდიოდნენ ქრისტეს სახელით და ამ ფონზე, გაანადგურეს მთელი მსოფლიო. გავიდა რამდენიმე საუკუნე, ახლა დემოკრატიის სახელით დადიან და ქვეყანაში ყველაზე არადემოკრატიულ ძალებს სწყალობენ, როგორიცაა, მაგალითად – მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

Back to top button