ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე რაგბის კლუბ “არმიის” მოთამაშეებს და მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე სამსახურის დირექტორმა, გუნდის წევრებს პირადად მიულოცა საქართველოს ჩემპიონატის დიდი 10-ის საგზურის მოიპოვება და მათ მომავალ სეზონზე წარმატებები უსურვა.
“ყველას ერთად გილოცავთ ამ გამარჯვებას! ერთ-ერთი დიდი და მძიმე ბრძოლა იყო, თქვენი შედეგიდან გამომდინარე. ახალი შესაძლებლობები გაგიჩნდათ, წინ ახალი ასპარეზია. სამხედროებში ამბობენ, ხოლმე – “დაკავება უფრო იოლია, ვიდრე შენარჩუნება.” აქედან გამომდინარე, უმაღლეს ლიგაში, სისუსტის შესაძლებლობა, ფაქტობრივად, აღარ გვაქვს. უფრო მეტად მობილიზებული და უფრო მეტად შემართებულები უნდა ვიყოთ.
მადლობა მინდა,გითხრათ, თქვენი მონდომებისთვის და ბრძოლისთვის. ნულიდან დავიწყეთ და თქვენმა ბრძოლისუნარიანობამ, შეუპოვრობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს,უკვე, უმაღლეს ლიგაში ვართ. გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ წარმატებას,”- მიმართა კობა კობალაძემ გუნდის წევრებს.
სტუმრებმა, თავის მხრივ, კობა კობალაძეს, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და მისი დირექტორის მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა და გულშემატკივრობა, გუნდის წევრებისთვის დიდი მოტივაციაა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილე მირონ ჩიგოგიძე, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე.
ინფორმაციისთვის, 19 მაისს, ფოთის რაგბის სტადიონზე, “არმიამ” ოზურგეთის ”არწივები” დამაჯერებელი ანგარიშით – 23:6 დაამარცხა და 2024-25 წლიდან დიდი 10- ში იასპარეზებენ.
რაგბის კლუბი ”არმია” ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მმართველობაში 2019 წელს გადმოეცა; 2022 წლის 18 იანვარს კი, თავდაცვის სამინისტრო კლუბის თანადამფუძნებელი გახდა.