კობა კობალაძემ პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოსთან შეხვედრა გამართა

მიმდინარე წლის 12 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ მაიორმა კობა კობალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ ჯოზეფ ბილბოს უმასპინძლა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, სტუმარს ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი ოფიციალური ვიზიტისა და ამ ვიზიტის ფარგლებში გამართული, მაღალი რანგის შეხვედრების შესახებ ესაუბრა; მან კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, აშშ-ის ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური (ODC) ახორციელებს საქართველოს ვეტერანების მიმართ.

კობა კობალაძე, ჯოზეფ ბილბოს ვრცლად ესაუბრა, ასევე,ვეტერანთა სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საერთაშორისო პარტნიორების თანადგომით განხორციელებულ პროექტებზე და განაცხადა, რომ ამერიკული მხარის გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარება, სამსახურისთვის ძალიან ფასეულია. საუბარი შეეხო გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციის წევრთა მიერ და მაღალმთიან აჭარაში, ადგილობრივ ვეტერანთა მიერ სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ სამუშაოებს, რომელთა შედეგიც, დღეს, უკვე, სახეზე გვაქვს. ეს კი, სამსახურსაც და ვეტერანებსაც, მეტ მოტივაციას აძლევს, რათა უფრო მეტად განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები, რაშიც, საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატების თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია.

პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ აღნიშნა, რომ იგი, შეეცდება, ამერიკელი ომის ვეტერანი ფერმერები ქართველ ვეტერანებს დააკავშიროს და სამომავლოდ, სამსახურთან ერთად, შემუშავდეს გაცვლითი პროგრამები, რაც აგრარულ სექტორში დასაქმებული ქართველი ვეტერანებისთვის გამოცდილების გაზიარებისა და პროფესიონალიზმის ამაღლების კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება.

პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ, კობა კობალაძეს, გულთბილი მიღებისა და საინტერესო შეხვედრისთვის, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე, ქართველი ვეტერანების თანადგომასა და მხარდაჭერას, კვლავ გააგრძელებს და მეგობრული ურთიერთობები, კიდევ უფრო გაღრმავდება.

Back to top button