კობა კობალაძე ახალციხეში ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსი, ზურაბ ფარცახაშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს შეხვდნენ.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე, ვეტერანებმა, მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვებზე მიიღეს პასუხი. კობა კობალაძემ ყველა იმ საკითხზე, გამოწვევებსა და გეგმებზე ისაუბრა, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ვეტერანების სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობისა და ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფის გაუმჯობესებას. მან ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის პროგრამებზე, რომელთა განხორციელებასაც, სამსახური, რეგიონებში მცხოვრები ვეტერანებისთვის გეგმავს.

კობა კობალაძე,ვეტერანებთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთში იმყოფებოდა, სადაც უკრაინაში,რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ხვიჩა გვირჯიშვილის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო და ქართველი მეომრის ოჯახის მიმართ თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოხატა. ხვიჩა გვირჯიშვილი, მშობლიურ სოფელში, 15 ივნისს, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა გვირჯიშვილი, ხარკოვის მიმართულებით იბრძოდა.იგი აფხაზეთში,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე იყო.

Back to top button