„ჯარის ბანაკი – დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“ კოჯორში, ახალქალაქსა და საჩხერეში აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ახალქალაქში მდებარე უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი მეორე როტაციაზე, ბანაკში დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის ხონის, სამტრედიის, ვანის, წეროვანის, გორისა და ქარელის სკოლების მოსწავლეებს მასპინძლობს.
„ჯარის ბანაკში“ შექმნილია ყველა პირობა, რომ თითოეული მონაწილისთვის ბანაკი იყოს აქტიური, საინტერესო, შემეცნებითი, მხიარული, განსხვავებული და სიახლეებით დატვირთული. საზაფხულო ბანაკის ერთ-ერთ დღეს ეროვნული გმირების სახელობის ოცეულებად გადანაწილებულ ბავშვებს პნევმატური იარაღიდან მიზანში სროლასა და წინაღობათა ზოლის გადალახვაში მოუწიათ ასპარეზობა. დღის მეორე ნახევარი კი, სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედროებთან შეხვედრით გაგრძელდა. ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესო სნაიპერისა და სახმელეთო სპეცდანიშნულების აღჭურვილობის გაცნობა და მათი მორგება აღმოჩნდა.
„ჯარის ბანაკი“ მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას. საზაფხულო ბანაკი თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიცირებული.
პროექტია, რომელსაც თავდაცვის უწყება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად ახორციელებს. გასულ წელს პროექტი საპილოტე რეჟიმში განხორციელდა. წელს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით პროექტი გაფართოვდა და ბანაკი ერთდროულად სამ ლოკაციაზე ახალქალაქში, საჩხერესა და კოჯორში მიმდინარეობს.