„სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩვენთვის -როგორ გაიარეს მათ ევროინტეგრაციის გზა, როგორ მიღწიეს შედეგს, რათა შევძლოთ მათ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ავაგოთ ის სამწლიანი ამბიციური სამომავლო გეგმა, რომელზეც დამოკიდებული იქნება ჩვენი მხრიდან 2024 წელს განაცხადის შეტანა”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ათენში განაცხადა, სადაც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. კახა კუჭავა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის საკითხების, ასევე საქართველოს პარლამენტის საქმიანობის შესახებ ისაუბრებს.
კონფერენციაში მონაწილეობის პარალელურად, კახა კუჭავა ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
„საბერძნეთში ვიმყოფებით 50 ქვეყნის პარლამენტის სპიკერი. ჩვენი დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვიქნები ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაში, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს და გარემოს დაცვის საკითხებს, იმ მიღწევებთან დაკავშირებით, იმ პროგრესთან დაკავშირებით, რომელსაც ამ პერიოდში ჩვენმა პარლამენტმა და ქვეყანამ მიაღწია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები გამოვიყენოთ ორმხრივი შეხვედრებისთვის და პირველ რიგში, ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა – ეს პირველ რიგში, ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ არსებულ მდგომარეობას, ასევე, ვესაუბროთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების და იმ ამბიციური რეფორმების შესახებ, რომლებსაც განვახორციელებთ. ამ მხრივ სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია – თუ როგორ გაიარეს მათ ეს გზა, როგორ მიღწიეს ამ შედეგს, რომ ჩვენ უკვე შევძლოთ მათ გამოცდილებაზე ავაგოთ ის სამწლიანი ამბიციური სამომავლო გეგმა, რომელზეც დამოკიდებული იქნება ჩვენი მხრიდან განაცხადის შეტანა 2024 წელს”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, კონფერენციის ფარგლებში, საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან უკვე გამართულ შეხვედრაზე საბერძნეთის გამოცდილების გაზიარების და საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობის შესახებ იმსჯელეს. კახა კუჭავას განცხადებით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს საბერძნეთის მხარდაჭერა აქვს.
„არის ბევრი საინტერესო ფორმატი, რომელზეც შევჯერდით, რომ გამოვიყენებთ და უფრო აქტიურად შევძლებთ, საპარლამენტო დიპლომატიის მეშვეობით, რეფორმების განხორციელების ნაწილში უფრო წარმატებულები ვიყოთ და საბოლოო ჯამში, იმ შედეგს მივაღწიოთ, რომელსაც ჩვენგან როგორც მოსახლეობა, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ელოდებიან”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.