გენადი არველაძე ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორს არტურ ლორკოვსკის შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორ არტურ ლორკოვსკისთან შეხვედრისას საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული რეფორმების დეპარტამენტის უფროსი ანა გოგოლაძე. შეხვედრა ბოსნია – ჰერცეგოვინაში, ქალაქ ბანია ლუკაში, ენერგეტიკული გაერთიანების არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა, –აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრის მოადგილემ ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული ვითარება და დარგში რეფორმის მიმდინარეობა გააცნო. არტურ ლორკოვსკიმ აღნიშნა, რომ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო მიესალმება 2024 წლის 1 ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას, რაც წარმოადგენს საკვანძო ნაბიჯს ბაზრის ლიბერალიზაციისკენ, რათა მომავალში, როდესაც საქართველო პირდაპირ დაუკავშირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკულ ქსელს, შესაძლებელი გახდეს საქართველოს მონაწილეობა ელექტროენერგიის ერთიან ევროპულ ბაზარზე. მისი თქმით, ამისთვის აუცილებელია, საქართველომ გააგრძელოს ევროპული სტილის ენერგეტიკული ბაზრის გახსნისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა და განახლებადი ენერგიის ინვესტიციების მხარდაჭერა. არტურ ლორკოვსკის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ენერგეტიკული გაერთიანების მზაობა, დაეხმაროს საქართველოს ამ პროცესში.

შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა, ასევე, საქართველოს მიერ განხორცილებულ წინსვლაზე ენერგოეფექტურობის მიმართულებით და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის ენერგოსისტემებს ერთმანეთს დააკავშირებს, რაც ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებასა და სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდას.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოს მიერ დეკარბონიზაციის მიმართულებით აღებული ვალდებულების შესრულების საკითხი.

აღინიშნა, რომ მხარეები განაგრძობენ თანამშრომლობას ენერგეტიკული უსაფრთხოების, მდგრადი განვითარებისა და ენერგეტიკული რეფორმების თანმიმდევრული განხორციელების უზრუნველსაყოფად.

 

Back to top button