ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახული ობიექტური ინფორმაცია მკაფიო სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ საქართველო შეიძლება იყოს ხანგრძლივ პერიოდში საიმედო პარტნიორი და სწორი არჩევანი

„აშშ – ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც საქართველოს საინვესტიციო კლიმატს აფასებს, საკმაოდ ობიექტურია. დადებითია საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და კლიმატის შესახებ შეფასება. ანგარიშში აღნიშნულია ის ძირითადი ეკონომიკური რეფორმები, რომელთაც ქვეყანა ბოლო წლებში წარმატებით ახორციელებს, რის შედეგადაც ქვეყანას უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა რეგიონისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით. ეს ტენდენცია შენარჩუნებული უნდა იყოს უახლოეს წლებში, რასაც საერთაშორისო ავტორიტეტული ეკონომიკური ორგანიზაციები, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ადასტურებს,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აშშ – ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშის კომენტირებისას.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს გააჩნია სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც, პირველ რიგში, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას ითვალისწინებს. მისი თქმით, ქვეყანას აქვს გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რაც ინვესტორებისთვის საქართველოში ინვესტიციების განხორციელების საფუძველია. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო, ამ კუთხით, რეგიონის სხვა ქვეყნებისგან გამოირჩევა, რაც ასევე მკაფიოდ არის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნული. მისი თქმით, ქვეყნის საინვესტიციო გარემო პროგნოზირებადია, მარეგულირებელი კანონმდებლობა კი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო წლებში მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმები განხორციელდა, მათ შორის, საკანონმდებლო კუთხით. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გადახდისუნარიანობის და ინვესტიციების დაცვის აღიარების შესახებ კანონებზე და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი, ქმნის დამატებით მოტივაციას ინვესტორებისთვის, რომ არჩევანი საქართველოზე გააკეთონ.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველომ ბოლო წლებში ყველა საერთაშორისო რეიტინგში შეინარჩუნა და გააუმჯობესა თავისი მდგომარეობა, რაც უკავშირდება კონკურენტუნარიანობას, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერას, ზოგადად კერძო სექტორის დახმარებას, ასევე კორუფციასთან ბრძოლას. „ვფიქრობ, რომ ეს ყველა ობიექტური ინფორმაცია ანგარიშში ასახულია და არის მკაფიო სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ საქართველო შეიძლება იყოს ხანგრძლივ პერიოდში საიმედო პარტნიორი და სწორი არჩევანი რეგიონში ინვესტიციების განხორციელებისთვის. ჩვენ ამ პოლიტიკას ვინარჩუნებთ მომავალ წლებშიც. ჩვენ გვექნება მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ყველა ის ხელშემწყობი ღონისძიება, რომელიც საქართველოში ბიზნესის კეთებას კიდევ უფრო მარტივს და ხელსაყრელს გახდის და საბოლოოდ, ქვეყნის კონკურენტუნარიანობას აამაღლებს,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

Back to top button