საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის პირველი ასეულის პირველმა ოცეულმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში წვრთნები წარმატებით დაასრულა და ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონში (NATO MNMPBAT) საბოლოო სერტიფიცირება მოიპოვა. ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელი პირები დახვდნენ.
ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის (NATO MNMPBAT) ეგიდით სწავლება პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ მინსკ-მაზოვეცკიში სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სერტიფიცირება ქართული ოცეულის პირად შემადგენლობას ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისა და მომავალში ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის სრულფასოვანი წევრობის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ეგიდით გამართული წვრთნების ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ჟანდარმერიამ დონაციის სახით სამხედრო პოლიციის სპეციალიზირებული ეკიპირებაც გადმოსცა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციასა და ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონს (MNMPBAT) შორის პარტნიორობის შეთანხმება ერთი წლის წინ გაფორმდა. სამხედრო პოლიციისათვის პარტნიორის სტატუსის მინიჭების შეთანხმება თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს და ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის ოპერაციებში, ტრენინგებსა და სწავლებებში მონაწილეობაზეა ფოკუსირებული.
პარტნიორობის შეთანხმება ხელს უწყობს სამხედრო პოლიციის ბატალიონების, როგორც ნატოსთან აფილირებული ქვედანაყოფების განვითარებას, რაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსაზღვრულ სამხედრო პოლიციის ინიციატივის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.
2022 წლის ბოლოსთვის დაგეგმილია საქართველოს მხრიდან ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონის სრული წევრობისთვის (Participant Status) განაცხადის გაკეთება. ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონი პოლონეთის, ხორვატიის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის სამხედრო პოლიციელებით არის წარმოდგენილი.