წეროვანში მდებარე მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს ნონა გაფრინდაშვილი ესტუმრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მან ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა.
ნონა გაფრინდაშვილმა საკუთარი სპორტული ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენა და სამხედრო მოსამსახურეების შეკითხვებსაც უპასუხა.
მოჭადრაკესა და დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შორის ჭადრაკში ბლიცტურნირი გაიმართა. ნონა გაფრინდაშვილმა სარეაბილიტაციო ცენტრსა და სამხედრო მოსამსახურეებს საკოლექციო დაფა ავტოგრაფით და სამახსოვრო ბარათები გადასცა.
საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრები მომავალშიც გაიმართება. მსგავსი შეხვედრები მიზნად ისახავს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მათი მოტივაციის გაზრდასა და მხარდაჭერის გაძლიერებას.