დაახლოებით ერთი წლის წინ გავაჟღერე ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი საწარმოს იდეა, ამ საკითხზე ინტენსიურად დავიწყეთ მუშაობა და თქვენ ხედავთ ავტომატური შაშხანების ერთობლივ საწარმოს- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “დელტას” ბაზაზე ნატოს სტანდარტის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი ქართულ-ებრაული საწარმო „დელტა სიეიეის” დათვალიერების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ავტომატის ყველა დეტალი ადგილზე იქნება წარმოებული.
„ეს არის კიდევ ერთი შესრულებული საქმე, ჩვენი დაპირება, რომელიც მე დაახლოებით ერთი წლის წინ გავაჟღერე, ამ საკითხზე ინტენსიურად დავიწყეთ მუშაობა და თქვენ ხედავთ ავტომატური შაშხანების ერთობლივ საწარმოს. აქ ჩვენ ჩამოვიტანეთ უმაღლესი დონის, ამერიკული ჩარხი-დანადგარები, ეს არის უმაღლესი დონის უახლესი ტექნოლოგია და ავტომატის წარმოების ყველა დეტალი აქ მზადდება. ჩვენ დღეს უკვე დავიწყეთ, ოფიციალურად გავხსენით საწარმო და დავიწყებთ M4-ის ტიპის მსგავსი GI-4-ების წარმოებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვულოცავ „დელტას” და მთლიანად თავდაცვის სამინისტროს ამ ძალიან მნიშვნელოვან საწარმოს. ამას გარდა, მოგეხსენებათ, რომ ავტომატის ყველა დეტალი, მათ შორის პლასტმასის დეტალები, ყველაფერი იქნება ადგილზე წარმოებული. ჩვენ დავატრენინგეთ ჩვენი პერსონალი, ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობენ, ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვულოცავ ყველას ამ მეტად მნიშვნელოვანი საწარმოს გახსნას”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ქართულ-ებრაული საწარმო თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან და თავდაცვის ძალების მეთაურ გიორგი მათიაშვილთან ერთად დაათვალიერა და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო.
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის GI-4 (5.56) ადგილობრივი წარმოების პროექტის განხორციელების პროცესი ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო, თავდაცვის სამინისტროსა და ებრაულ კომპანიას შორის ხელშეკრულება კი 2021 წლის მაისში გაფორმდა.
პროექტის მიხედვით, საწარმოში დამზადებული ნატოს სტანდარტების შესაბამისი შაშხანები GI-4 (5.56) საქართველოს თავდაცვის ძალებს გადაეცემა, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო ქვედანაყოფების თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვის პროცესს. ახალი ქართულ-ებრაული საწარმო აღჭურვილია წამყვან ქვეყნებში წარმოებული უახლესი ჩარხ-დანადგარებით და GI-4 (5.56) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სრული ტექნოლოგიური პროცესი ადგილზე წარიმართება. საწარმოს ფუნქციური დატვირთვა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისა და აქსესუარების წარმოების შესაძლებლობას შექმნის. საწარმოში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის იარაღის მოდერნიზებაზე მუშაობაც. ასევე, სამომავლოდ დაგეგმილია პროდუქციის საექსპორტო წარმოება. საწარმო დაკოპლექტებულია უმაღლესი სასწავლებლის წარჩინებული კურსდამთავრებულებით, რომლებმაც შესაბამისი გადამზადება უკვე გაიარეს.