შიდა ქართლში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, შიდა ქართლში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი დალუქულია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დამჩხეულაში.

სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე – წიწვოვანი სახეობის 21 ერთეული სხვადასხვა ზომის მორი და 1,02 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

Back to top button