თავდაცვის მინისტრი ვეტერანების დღეს დაესწრო

17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანების დღე აღინიშნება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ოფიციალურ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებთან და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

მინისტრმა ვეტერანებს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა და ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისა და გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ჩიქოვანი განსაკუთრებით დაჭრილ-დაშავებულ ვეტერანებს მიესალმა და საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ვეტერანების დაფასება და მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა: „ვეტერანის სახელი ყოველთვის იწვევს განსაკუთრებულ პატივისცემას და მადლიერებას. ხელისუფლებისა და საზოგადოების ვალია, პატივი მიაგოს სამშობლოსათვის თავდადებულ რაინდებს, თავის ვეტერანებს. ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისათვის, რომ ჩვენი სახელოვანი ვეტერანები იყვნენ სათანადოდ დაფასებული და მათი ცხოვრების პირობები იყოს გაუმჯობესებული“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ვეტერანებს პროფესიული დღე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ მიულოცეს. პრემიერ-მინისტრმა ვეტერანების მხარდასაჭერად განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება. საიუბილეო ღონისძიებაზე ვეტერან სამხედროებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა ბოლნისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ეფრემმა გადასცა.

საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რის საფუძველზეც შემდგომში ვეტერანის დღე დაწესდა.

Back to top button