დავით უტიაშვილი: აჟიოტაჟური ეპიზოდისა და მოლოდინების მილევის შემდეგ გვაქვს მოლოდინი, რომ მომდევნო თვეებში რეზერვებს კვლავ შევავსებთ

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი, სავალუტო ბაზარზე განხორციელებულ ზეწოლას წინასაარჩევნო პერიოდს, ერთჯერად ტრანზაქციებს და მოლოდინების ეფექტს უკავშირებს. უტიაშვილის შეფასებით, მსგავს სიტუაციაში მიზანშეწონილია ეროვნულმა ბანკმა პრევენციული ღონისძიებები გაატაროს, გამოიყენოს თავისი რეზერვები და ბაზრის დროებითი დისბალანსი აღმოფხვრას.

მისივე თქმით, როგორც გამოცდილება აჩვენებს, საარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, ბაზრის მოთამაშეები ჭარბად შეძენილ ვალუტას უკან დააბრუნებენ, რაც ეროვნულ ბანკს რეზერვების კვალავ შევსების შესაძლებლობას მისცემს.

„ანალოგიური პერიოდებისა და სხვა ქვეყნების მსგავსად, ეს არის წინასაარჩევნო პერიოდთან, მოლოდინების ფაქტორებთან დაკავშირებული ზეწოლა სავალუტო ბაზარზე. ასეთ ვითარებაში ეროვნული ბანკის რეზერვების გამოყენება მიზანშეწონილია ბაზარზე არსებული დროებითი დისბალანსის დასაკომპენსირებლად. როგორც გამოცდილება აჩვენებს, აჟიოტაჟური ეპიზოდის გადავლისა და უარყოფითი მოლოდინების მილევის შემდეგ ბაზრის მოთამაშეები ჭარბად შეძენილ უცხოურ ვალუტას უკან აბრუნებენ. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი რომ მომდევნო თვეებში რეზერვებს კვლავ შევავსებთ“, – განაცხადა დავით უტიაშვილმა.

სების ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, რომ ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების მართვის სტრატეგიის შესაბამისად მოქმედებს, რომელიც თანხვედრაშია სხვა ცენტრალური ბანკების პრაქტიკასთან, სადაც გაცვლითი მცურავი კურსის რეჟიმი მოქმედებს.

„სავალუტო ინტერვენციები ჩვენი სტრატეგიის შესაბამისია. ლარის კურსი მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის სტაბილურობისთვის, ფასების სტაბილურობისა და ფინანსური სტაბილურობისთვის. ჩვენს გადაწყვეტილებებს კი პრევენციული ხასიათი აქვს. რომ არა ინტერვენციები შესაძლოა აჟიოტაჟი უფრო გამძაფრდეს, მაშინ როდესაც ამის წინაპირობები მაკროფუნდამენტალების ნაწილში არ არსებობს“, – აღნიშნა უტიაშვილმა.

Back to top button