ლევან დავითაშვილი: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” საკონსულტაციო ცენტრები ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნება

პარლამენტის ეკონომიკური პროფილის ექვსი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. შეკითხვების დიდი ნაწილი მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამებს შეეხებოდა, რომლებსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, პირველ რიგში, გასაძლიერებელია სამეწარმეო უნარები მცირე და საშუალო მეწარმეებს შორის, განსაკუთრებით რეგიონებში. მისი თქმით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში” ორი წელია, რაც ახორციელებს პროექტს რეგიონებში საკონსულტაციო ცენტრების ამოქმედების შესახებ. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მალე მსგავსი ცენტრები ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნება, სადაც მისულ მეწარმეებს დაეხმარებიან, რათა მათი პროექტები და ბიზნეს იდეები იყოს უფრო ადეკვატური და კონკურენტუნარიანი.

კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით ხორციელდება, რეგიონებში ტურიზმის განვითარებას, მათ შორის, ბრენდული სასტუმროების გახსნას შეეხებოდა. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სააგენტოს ტურიზმის კომპონენტი მოიცავს ბრენდირებული სასტუმროების ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა როიალტი, ბრენდის შემოყვანასთან დაკავშირებული ხარჯის დაფინანსება და სხვ.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მზადაა, მოხდეს ამ საკითხის კიდევ უფრო დეტალური განხილვა, მათ შორის, რეგიონის მეწარმეებთან ერთად. მინისტრობის კანდიდატის თქმით, შეიძლება დამატებითი მხარდაჭერა ან თანადაფინანსება იყოს სახელმწიფოს მხრიდან საჭირო ისეთ რეგიონებში, როგორიცაა იმერეთი, სადაც სასტუმრო ინფრასტრუქტურა ტურისტული პოტენციალის არაადეკვატურია. „ამიტომ ისეთ რეგიონებში, სადაც კიდევ უფრო მეტია საჭიროება, ჩვენ ვიმსჯელებთ როგორი ცვლილება შევიტანოთ არსებულ პროგრამებში, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალ ინვესტიციებს, მათ შორის, ბრენდული სასტუმროების გაჩენის კუთხით,” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ექსპორტის ხელშეწყობა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” პრიორიტეტული მიმართულებაა. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, სამინისტრო მზადაა, პარლამენტთან ითანამშრომლოს და შეიმუშაოს დამატებითი ინიციატივები, რომლებიც ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების დამატებით მხარდაჭერას მოიცავს. „ეს მიმართულება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” მეწარმეობის ხელშეწყობის პორტფელში განსაკუთრებული ნაწილი ეთმობა სწორედ ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების მხარდაჭერას, მათ შორის ბაზარზე შესვლის ბარიერების დაძლევაში დახმარებას, თანადაფინანსებას, ექსპორტის მენეჯერების მომზადებას, სერტიფიცირების საკითხებს, ასევე მარკეტინგულ ხარჯებს და სხვ. მომავალში დაგეგმილი გაქვს ლოგისტიკური ხარჯების თანადაფინანსება,” – აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

Back to top button