ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად რბილი ძალა დავუპირისპიროთ იმ ძალადობას, რომელსაც ჩვენ ვხედავდით თბილისის ქუჩებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა იყო ძალიან უხეში და სისტემური, პოლიციელებმა აჩვენეს მაქსიმალური მოთმინება.
„ჩვენი ხელისუფლების ხელწერაა, რომ ჩვენ ვიცავთ პროპორციულობის პრინციპს. ვცდილობთ, მაქსიმალურად დიდი ძალა არ გამოვიყენოთ პროტესტის წინააღმდეგ. ჩვენ გვქონდა ორი სამწუხარო ინციდენტი ამ პროტესტის პირველ და მეორე დღეს, როდესაც იყო ძალის გადამეტების ორი კონკრეტული შემთხვევა.
ამის შემდეგ მაქსიმალურად ვიზრუნეთ იმისათვის, რომ ასეთი ცალკეული შემთხვევებიც კი აგვერიდებინა თავიდან. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად რბილი ძალა დავუპირისპიროთ იმ ძალადობას, რომელსაც ვხედავდით თბილისის ქუჩებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალადობა იყო ძალიან უხეში, სისტემური, ჩვენმა პოლიციელებმა აჩვენეს მაქსიმალური მოთმინება. მინდა, მათ კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ეს არის ჩვენი ხელწერა და მომავალშიც ამ ხელწერით გავაგრძელებთ მოქმედებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.