მამუკა მდინარაძე: პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილებით მაქსიმალურად დავაზღვიეთ რისკები, გუშინდელი დღის ნარატივი უნდა ყოფილიყო ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და მოლაპარაკების გახსნაზე უარის თქმა – გადაზღვევა იყო საჭირო, დროული, პრევენციული და დასწრებითი

ერთი წამით წარმოვიდგინოთ კაია კალასის გუშინდელი პირველი განცხადება, რომ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ისაუბრებენ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე; რომ არა 28 ნოემბრის განცხადება, რომ არა ის ინფორმაცია, რაც ქართულ საზოგადოებას 28 ნოემბრის შემდეგ მიეწოდა, რომ არა ეს გადაწყვეტილება, წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მომხდარიყო გუშინ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას 16 დეკემბრისთვის დალაგებული ჰქონდა გეგმა, რომლის მხოლოდ ნახევარი ან მეოთხედი შეასრულეს იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილებით მოვლენები დააჩქარა. მდინარაძემ აღნიშნა ისიც, რომ გუშინდელი დღის ორი მთავარი ნარატივი უნდა ყოფილიყო უვიზო მიმოსვლის შეჩერება და მოლაპარაკების გახსნაზე უარის თქმა, რასაც გეგმის მიხედვით, დიდი მღელვარება უნდა გამოეწვია, თუმცა, 28 ნოემბერს მმართველი გუნდის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ მოლაპარაკების თემა ევროკავშირის წარმომადგენლებს აღარ უხსენებიათ.

„ამას დაამატეთ ზევიდან აგენტურული ოპოზიციის ძალიან დიდი ძალისხმევით დალაგებული გეგმა, რომელიც მოქმედებაში მოვიდა შეიძლება სანახევროდ, შეიძლება მეოთხედი და ა.შ. დაწყებული ტექნიკური საკითხებიდან, როგორიც იყო მათი ოფისებიდან მომარაგება პიროტექნიკით, შურდულებით, მოლოტოვის კოქტეილებით თუ ა.შ. ანუ მომზადება იყო ახალი დაწყებული, როდესაც ეს განცხადება 28 ნოემბერს გაკეთდა. გუშინდელი დღე წარმოვიდგინოთ – ხომ არაფერი აღარ მოხდა? ღამე რუსთაველზე გაივლიდით, ანთებული ნაძვის ხე, ილუმინაციები და ა.შ. გუშინ აქ იქნებოდა ძალიან დიდი უბედურება, გაცილებით დიდი, ვიდრე წინა დღეებში გვქონდა, რაც არავის მოგვეწონა – არავის მოსწონს პოლიციისა და მომიტინგეების დაპირისპირება, ძალადობა, გადამეტება თუ არგადამეტება, თუნდაც ლეგიტიმური გარკვეული ძალის გამოყენება და რა თქმა უნდა, არავის მოსწონს პოლიციის მიმართ ის ძალადობის ფაქტები, რაც ამ ყველაფერს მოჰყვა.

მაგრამ გადაზღვევა იყო იმდენად საჭირო, დროული, პრევენციული და დასწრებითი, რომ ჩვენ დღეს რომ აქ წყნარად ვლაპარაკობთ და ბარბარობა დღეს ვულოცავთ ერთმანეთს, იმის დამსახურებაა გადაჭარბების გარეშე, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავაზღვიეთ ჩვენი პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილებით რისკები. თუ დააკვირდით, გუშინდელ დღეს სიტყვა აღარავის დაუძრავს მოლაპარაკების თემაზე. გახსენდებათ, რომ სადმე მოლაპარაკების თემა ვინმეს ეხსენებინოს? გუშინდელი დღის ნარატივი უნდა ყოფილიყო ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რაც პრაქტიკულად, გამორიცხული იყო, მაგრამ ეს იქნებოდა პირველი ნაპერწკალი და მათი გეგმის მიხედვით, უნდა დანგრეულიყო ყველაფერი. მოლაპარაკების გახსნაზე უარის თქმა, უნდა ყოფილიყო მეორე მთავარი ნარატივი, რაზეც, რას მოაწყობდნენ და რას მოახდენდნენ, ალბათ, დღეს უკვე ხელის გულზე დევს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Back to top button