პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, მეუღლესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად, პატრიარქს დაბადების 92-ე წლისთავს ულოცავს.
„დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, 92 წელი შეუსრულდა.
განუზომელია მისი უწმინდესობის ღვაწლი ქართული საზოგადოების სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში. ფასდაუდებელია მისი შრომა და თავდადება – აღსაყდრებიდან 47-ე წელია, რაც ჩვენი პატრიარქი ქართველი ერის ერთობის, თვითმყოფადობისა და ღირებულებების სადარაჯოზე დგას.
ჩვენი სამშობლო, სხვა ბევრ მახასიათებელთან ერთად, იმითაცაა გამორჩეული, რომ სულიერ წინამძღოლად სწორედ ადამიანთა სიყვარულის, სიბრძნის, თავმდაბლობისა და მაღალზნეობრიობის ცოცხალი მაგალითი – ილია მეორე ჰყავს.
დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ მის უწმინდესობას დაბადების დღეს. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის მესაჭედ მრავალი წელი ყოფნას, მისი სულიერი შვილების საიმედოდ, საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ“ – ნათქვამია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების მისალოც განცხადებაში.