საქართველოში ვიზიტით ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის ახალი მეთაური, გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი იმყოფებოდა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) ახალი მეთაური,გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი იმყოფებოდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების, განსაკუთრებით, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ფუნქციონირებისა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმების გაცნობას.

გენერალ-მაიორ ნორბერტ ვაგნერს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) მასპინძლობდა.

„ვიზიტის ფარგლებში ნატოელმა გენერალმა შეხვედრები გამართა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესა და ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესთან. თავდაცვის ძალებისა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა JFTC -ის მეთაურს ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. შეხვედრებზე საუბრის ძირითად თემებს საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შესაძლებლობების განვითარება და ნატო-სთან თავსებადობის გაზრდა, ასევე, 2022 წელს საქართველოში დაგეგმილი ნატოს-საქართველოს ერთობლივი სწავლების ორგანიზება წარმოადგენდა.

საქართველოში სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში, ნატო-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის მეთაური ვაზიანში საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) ეწვია. გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 21“-ის“ მიმდინარეობასაც გაეცნო და ვაზიანში სწავლების საველე კომპონენტი დაათვალიერა.

JTEC-მა პოლონეთში მდებარე ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრთან (JFTC) მჭიდროდ თანამშრომლობა 2017 წლიდან მენტორული პროგრამის საფუძველზე დაიწყო. მენტორული ურთიერთობები JTEC-ის ნატო-საქართველოს 2019 წლის სწავლების წარმმართველი (ODE) ფუნქციის შესასრულებლად მომზადებას ისახავდა მიზნად. 2020 წელს JTEC-სა და ნატო-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრს (JFTC) შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.

დოკუმენტი ხელს უწყობს JTEC–ის, როგორც NATO-სთან აფილირებული ერთ-ერთი სრულფასოვანი საწვრთნელი ცენტრის განვითარებას“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Back to top button