საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ სამძიმარს უცხადებს ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს.