ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებით საქართველო საერთაშორისო სივრცეში სალიდერო პოზიციებზეა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის ანგარიშები და პროგნოზები წარმოადგინეს.

გაეროს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის და პერსპექტივების 2025 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო რეალური ეკონომიკური ზრდით 2024 წელს მსოფლიოში გადის მეორე ადგილზე, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ ადგილზე. მათივე მონაცემებით, საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8,6%-ის დონემდე უმჯობესდება. ამ ტემპით საქართველო მთელს მსოფლიოში მეორე, ევრაზიაში კი პირველ ადგილზეა. რეალური ეკონომიკის ზრდით საქართველოს მხოლოდ კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყანა – გაიანა უსწრებს, რომლის ეკონომიკაც, (სასარგებლო წიაღისეულის დიდი მარაგების აღმოჩენა/ათვისების კვალდაკვალ), 2024 წელს წინასწარი შეფასებით 31,9%-ით გაიზარდა. გაეროს შეფასებით საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 5,4%-ით გაიზრდება. ამასთან ერთად, საქართველო ინფლაციის დაბალ ტემპს ინარჩუნებს, რომელიც 2025 წელს 2,3%-ს გაუტოლდება, 2026 წელს კი ინფლაცია 1,9%-მდე შემცირდება.

გაეროს ანგარიშის თანახმად საქართველომ განაგრძო ძლიერი გაფართოება, რასაც ხელს უწყობს მშენებლობის, საშუამავლო ვაჭრობის და საერთაშორისო ტურიზმის მუდმივი ზრდა.

კიდევ უფრო კეთილსაიმედოა მსოფლიო ბანკის შეფასება. მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 9%-ით, 2025 წელს 6%-ით, 2026 წელს კი 5%-ით იზრდება. ამ მაჩვენებლებითაც საქართველო ლიდერია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

Back to top button