მსოფლიო ბანკის „მსოფლიოს ეკონომიკური პერსპექტივების” მიმოხილვის ანგარიშის თაანხმად, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საქართველო გლობალურად ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მასშტაბით, ზრდის თვალსაზრისით პირველ ადგილზეა, როგორც 2024, ასევე 2025 წელს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9%-ია, რაც წინა პროგნოზზე 3.8 პროცენტული პუნქტით მეტია, ასევე საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით 2025 წელს და ის 6%- ს შეადგენს.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, 2025-2026 წლის საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.5-ჯერ აჭარბებს ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, ხოლო 5-ჯერ აღემატება ევროზონის ეკონომიკის ზრდის ტემპს.
„ჩვენი მიზანია, ეკონომიკური პარამეტრები და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა დავაახლოვოთ განვითარებული ქვეყნების ეკონომიკასთან, რაც საშუალებას მოგვცემს, გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლები, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, ქვეყანა უფრო მიმზიდველი გახდეს საერთაშორისო ინვესტიციებისთვის და ზოგადად ეკონომიკა გადავიდეს თვისობრივად განვითარების ახალ ეტაპზე,” – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოში არაერთი სახელმწიფო პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ზრდისკენ არის მიმართული. გარდა ამისა, მისი თქმით, ასევე ხორციელდება არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში პროდუქტიულობის ზრდას და უფრო მიმზიდველს ხდის ბიზნეს გარემოს. „სწორი და თანმიმდევრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ჩვენი მოლოდინია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები მომავალ წლებშიც შენარჩუნდება,” – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.