ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის დეკემბრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის დეკემბრის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია.

ამავე გამოკითხვის შედეგების თანახმად, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე გაზრდილია.

„ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები მომატებულია. ერთი მხრივ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 8%-ზე მეტად ფიქრობენ. მეორე მხრივ, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას ზრდის უფრო დაბალ ინტერვალში, 0%-2%-ისა და 2%-4%-ის ფარგლებში, ელოდებიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. ერთი მხრივ, ნოემბერთან შედარებით, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 4%-6%-ის ზრდის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. მეორე მხრივ, შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ინტერვალში, 2%-4%-ის ფარგლებში, ელოდებიან.

გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში მომატებულია. კერძოდ, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას, შედარებით მაღალი ზრდის ფარგლებში 4%-6%-ისა და 6%-8%-ის ინტერვალში ელოდებიან. ამავე დროს დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას შედარებით დაბალი ზრდის ფარგლებში, 0%-2%-ის ფარგლებში მოელიან.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მომატებულია. კერძოდ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 10%- 20%-ის ფარგლებში ელოდებიან. ამავე დროს, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%- 10%-ის ფარგლებში ფიქრობენ.

გამოკითხულთა აზრით, დეკემბერში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) ნოემბერთან შედარებით შემცირებულია“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

Back to top button