„არსებობს ევროპული საერთაშორისო აქტი, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთდახმარებას, სისხლის სამართლის საქმეებზე ინფორმაციის ურთიერთგაცვლას უზრუნველყოფს. აქ არის ლაპარაკი კონკრეტულ ბრალდებულზე, რომლის შესახებაც ინფორმაციის გამოთხოვის უზრუნველყოფა არ მოხდა, რაც არის თითქმის უპრეცედენტო შემთხვევა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ საუბრისას „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
შარმანაშვილმა შეაფასა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, შვეიცარიულ ბანკ „Julius Baer“-ს გაეგზავნა ორი შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე, თუმცა, ყოველგვარი განმარტების გარეშე, საგამოძიებო ორგანოს დღემდე არ მიუღია რაიმე პასუხი გამოთხოვილ ინფორმაციაზე.
როგორც თენგიზ შარმანაშვილი აღნიშნავს, იმდენად ძლიერია „დიფ სთეითის“ და მასთან დაკავშირებული ძალების ზეგავლენა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულის შესახებ ოფიციალურად მოთხოვნილი ინფორმაციის ბლოკირებაც კი შეუძლიათ.
„იმდენად ძლიერია „დიფ სთეითის“ და მასთან დაკავშირებული ძალების ზეგავლენა, ასეთი ურთიერთობების არევაც კი შეუძლიათ. წარმოუდგენელია, როდესაც შენ ოფიციალურად მიმართავ, როდესაც ოფიციალურად სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს საქართველოში და ამის ფარგლებში აწვდი ინფორმაციას, რომ ამ ბრალდებულის შესახებ ინფორმაცია გვჭირდება გამოძიების სრულფასოვნად ჩასატარებლად და ამ ინფორმაციის გამოგზავნის ბლოკირება ხდება. ეს ყველაფერი იმ საკითხების გაგრძელებაა, როდესაც ეს ადამიანები, ვინც „დიფ სთეითის“ მომსახურე პერსონალი არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში იყვნენ, ისეთი გავლენებით სარგებლობდნენ, რომ ამ სამართლებრივ ვალდებულებებს არად დაგიდევდნენ და თავისუფლად შეუძლიათ დაარღვიონ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ აქაც გვაქვს იმედი, რომ ეს დამოკიდებულებები შეიცვლება, საქართველოს საგამოძიებო ორგანოები მიიღებენ სრულფასოვან ინფორმაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სრულფასოვნად ჩატარდება გამოძიება და დამნაშავეც სრულფასოვნად აგებს პასუხს ქართული მართლმსაჯულების წინაშე,“ – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.