აჭარაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული გ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 24 იანვარს, ბათუმში, ე.წ. სამხედრო დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1986 წელს დაბადებულ დ.მ. – ს ბლაგვი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.თ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Back to top button