საქართველოს ეროვნული ბანკი იანვრის „მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს“ აქვეყნებს.
როგორც სებ-ში აცხადებენ, ეროვნული ბანკი საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალ, სცენარებზე დაფუძნებულ მიდგომას ნერგავს, რითაც უფრო გამჭვირვალეს ხდის რისკების მართვისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესს. აღნიშნული ნაბიჯით ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს განვითარების მორიგ ეტაპზე გადადის, სადაც ეროვნულ ბანკსა და ფინანსურ ბაზარს შორის თანამშრომლობის გაღრმავების კვალდაკვალ ბაზრის მონაწილეთა მოლოდინების როლი კიდევ უფრო გაიზრდება.
„მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში“ ინფლაციის, ეკონომიკური ზრდისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის იმ პროგნოზების აღწერას გაეცნობით, რომელთაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება. გამოცემის მიზანი სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების საზოგადოებისთვის დეტალური ახსნაა.
ზოგადად, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა მოიაზრებს მაღალი გაურკვევლობის შედეგად წარმოქმნილი რისკების სპექტრის ანალიზსა და, მათზე საპასუხოდ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესაძლო ტრაექტორიების კომუნიკაციას.
მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება
- საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 8.0%-ზე ინარჩუნებს.
- ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციები
ინფლაცია
- საქართველოში ინფლაცია 2023 წლის გაზაფხულიდან მიზნობრივ 3 პროცენტზე დაბალია
ეკონომიკური ზრდა
- ეკონომიკურ ზრდას, ერთი მხრივ, ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებები განაპირობებდა, მეორე მხრივ, ძლიერი იყო ერთობლივი მოთხოვნა
- მაკროეკონომიკური პროგნოზი
ცენტრალური სცენარი
- 2025 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება
- 2025 წლიდან ეკონომიკური აქტივობა მის გრძელვადიან – 5%-იან დონესთან დასტაბილურდება
თუმცა, რისკები ნარჩუნდება და გაურკვევლობა კვლავ მაღალია. იმისათვის, რომ მაღალი გაურკვევლობის პირობებში წარმოქმნილი შესაძლო რისკები ოპტიმალურად მართოს, სებ-ი ცენტრალურ სცენართან ერთად სხვადასხვა სცენარსაც განიხილავს. კერძოდ, მაღალინფლაციური რისკის სცენარის მიხედვით, გაურკვევლობის ხანგრძლივად შენარჩუნება გეოპოლიტიკურ მდგომარეობას მეტად გაამწვავებს. ამ რისკების რეალიზება გარე ფაქტორებიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს გაზრდის, რაც ცენტრალურ სცენართან შედარებით მკაცრი მონეტარული პოლიტიკის რეაგირებას განაპირობებს. მეორე მხრივ, დაბალინფლაციური რისკის სცენარის შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. ეს რისკ-სცენარი მოიაზრებს გეოპოლიტიკური მწვავე მდგომარეობის დეესკალაციას, რაც საგარეო ფაქტორებიდან მომდინარე.
თუ ცენტრალურ სცენართან შედარებით, მაღალინფლაციური ან დაბალინფლაციური რისკები მონაცემებში მეტად გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება ან შერბილება გახდეს საჭირო“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე პუბლიკაციების განყოფილებაში.