თუ ვინმე ახალისებს ამ ქვეყანაში ძალადობას, ესენი არიან კონკრეტული ჩინოვნიკები, ე.წ. დიპლომატები, დიფ სთეითის წარმომადგენლები სხვადასხვა სტრუქტურებში, შესაბამისად, ყველას მინდა მოვუწოდო, პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ქართველ ხალხს და თვალში ნაცარს ნუ შეაყრიან ნურავის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ჩინოვნიკებისა და ელჩების მათი დუმილი იყო იმ ძალადობის წახალისება, რომელიც შემდეგ განახორციელა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ.
„იყო ძალის გადაჭარბების ცალკეული შემთხვევები. რაც შეეხება სიტყვა წამებას, სამარცხვინოა, როცა ამ სიტყვას იყენებენ შესაბამისი სუბიექტები. როცა საუბარია სისტემურ, ორგანიზებულ, კოორდინირებულ ქმედებებზე, ესეც არის უბრალოდ სამარცხვინო. თუ ვინმე ახალისებდა ამ ქვეყანაში ძალადობას, ესენი იყვნენ მდუმარე ჩინოვნიკები, მათ შორის, მდუმარე ელჩები. თქვენ გახსოვთ 5 დღის განმავლობაში თუნდაც ერთი ელჩის განცხადება? ხომ შეიძლება გამოსულიყვნენ, დაეგმოთ ძალადობა, ყველაფერი ხომ გაჩერდებოდა. მანამდე შეგახსენებთ – რა ხდებოდა საპარლამენტო არჩევნების მეორე დღიდან – მათი დუმილი იყო იმ ძალადობის წახალისება, რომელიც შემდეგ განახორციელა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ. ამიტომ, თუ ვინმე ახალისებს ამ ქვეყანაში ძალადობას, ესენი არიან კონკრეტული ჩინოვნიკები, ე.წ. დიპლომატები, დიფ სთეითის წარმომადგენლები სხვადასხვა სტრუქტურებში, შესაბამისად, ყველას მინდა მოვუწოდო, პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ქართველ ხალხს და თვალში ნაცარს ნუ შეაყრიან ნურავის. როცა საუბარია არჩევნებთან დაკავშირებით, ევროკავშირი გვესაუბრება ჩვენ საარჩევნო პრინციპების დარღვევაზე, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. ამ დროს თქვენ გახსოვთ, ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის, ელჩის განცხადება, მეტ-ნაკლები სიზუსტით ციტატა შემიძლია გავიხსენო – მთავრობის ქმედებების გამო არის შეჩერებული ევროინტეგრაციაო, ეს იყო პირველი ნაწილი და იქვე დაამატა, რომ თუ არ იქნება აქტიურობა არჩევნებზე, ამ შემთხვევაში, შეიძლება არასწორი მიმართულებით გაგრძელდეს პროცესებიო. ეს მოხდა დაახლოებით 20 ოქტომბერს, პირდაპირ გამოდის ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი და მოუწოდებს ქართველ ხალხს კოლექტიური „ნაცმოძრაობის” მხარდაჭერისკენ. ამ დროს ჩვენ გვესაუბრებიან ბრიუსელელი ჩინოვნიკები საარჩევნო პრინციპების დარღვევაზე. აქ რაღაც გადაცდომა კი არ მოხდა, ექსცესი კი არ იყო, პირდაპირ, ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოუწოდა ქართველ ხალხს, მხარი დაეჭირათ მწამებლებისთვის, მკვლელებისთვის, კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის”, თვითონ გამყალბებლებისთვის და მერე ისინი გესაუბრებიან საარჩევნო დარღვევებზე. რა თქმა უნდა, ამას ქართველი ხალხი არ იყიდის. ახლა საუბრობენ იმაზე, რომ ილონ მასკი ერევა თურმე ევროპული ქვეყნების არჩევნებში და ოლაფ შოლცმა გააკეთა განცხადება, რომ ეს არის ამაზრზენიო. რა ამაზრზენზეა საუბარი, შენი ოფიციალური წარმომადგენელი გამოდიოდა ოქტომბრის თვეში და პირდაპირ მოუწოდებდა ქართველ ხალხს, „ნაცების” მხარდაჭერისკენ. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ საერთოდ დაკარგული აქვს ფასი ბრიუსელის ჩინოვნიკებს შორის სამართლიანობას, სამართალს. მერე უკვირთ, რომ ქართველი ხალხის თვალში მუდმივ რეჟიმში ვარდება ევროპელი ჩინოვნიკების რეიტინგი. თქვენ რომ შეადაროთ, კვლევების მიხედვით, ნდობა რამდენია ევროკავშირის მიმართ და რამდენია ევროპელი ჩინოვნიკების მიმართ – ევროპელი ჩინოვნიკების მიმართ ქართველი ხალხის ნდობა არის სამჯერ ნაკლები დაახლოებით, ევროკავშირის მიმართ ნდობასთან შედარებით, იმიტომ, რომ ევროკავშირი რჩება ქართველი ხალხისთვის მიზნად, ამოცანად, მაგრამ ყველა ხედავს იმ სამარცხვინო ქმედებებს და უსამართლობას, რომლითაც გამოირჩევიან ევროპელი ჩინოვნიკები, ელჩები. ეს ასე არ შეიძლება გაგრძელდეს. ჩვენ მზად ვართ ყველასთან, მათ შორის, ამ ელჩთან თანამშრომლობისთვისაც. ოღონდ, ხომ შეიძლება, რომ ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდე. ისეთი კავშირები არსებობს ხოლმე დიფ სთეითის მხრიდან, რომ ვერ თავისუფლდებიან, მაგრამ, იქნებ გათავისუფლდნენ, ამის იმედი დავიტოვოთ”, – განაცხადა პრემიერმა.