დავით სონღულაშვილი: საქართველოსა და სომხეთს შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობის პოტენციალი საკმაოდ დიდია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა სომხეთსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის კუთხით სავაჭრო ურთიერთობების გაზრდასა და გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრა.

„ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის პოტენციალი საკმაოდ დიდია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდაა. ამ მიმართულებით გვექნება საკმაოდ აქტიური თანამშრომლობა.
მინდა აღვნიშნო, რომ გარემოს დაცვის მიმართულებითაც არის რიგი საკითხები, რომლებზეც შეგვიძლია რეგიონის ჭრილში ვიმსჯელოთ, ერთობლივად ვიმუშაოთ და კონსენსუსით გადავწყვიტოთ. ასევე, არსებობს პრაქტიკები, რომლებიც შეგვიძლია ერთმანეთს გავუზიაროთ და ურთიერთობის ფარგლებში საკმაოდ აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობა შედგეს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და სომხეთს შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობა აქტიურია. ღვინო არის ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც სომხეთში გადის ექსპორტზე. თუმცა, გაზრდის რეალური
პოტენციალი არსებობს და თანამშრომლობით კარგი შედეგების მიღება შესაძლებელია.

Back to top button