მიხეილ ყაველაშვილი: მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ. ის, რომ ჩვენ ანტიამერიკულ ან ანტიდასავლურ ქმედებებს ვახორციელებდით, ეს დეზინფორმაციაა

შვეიცარიულმა გამოცემამ „Neue Zürcher Zeitung“ საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.  მიხეილ ყაველაშვილმა ინტერვიუს დროს არაერთ მნიშვნელოვან კითხვას უპასუხა. მათ შორის, ისაუბრა შიდა და გარე ზეწოლაზე, ქვეყანაში არსებულ დაძაბულობაზე და მის გამომწვევ მიზეზებზე.

„ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის როლი არის ზეპარტიული. ჩემმა წინამორბედმა ამ როლის მიღმა დააყენა თავი, რითაც საზოგადოებაში მოლოდინი გააჩინა. ეს არ იყო სწორი. მე მინდა ყველა მოქალაქის პრეზიდენტი ვიყო. ჩემი მთავარი მოტივაციაა, საპრეზიდენტო ინსტიტუტი კონსტიტუციის ფარგლებში დავაბრუნო. რაც შეეხება კრიზისს, პოლიტიკური სიტუაცია ახალი არ არის, რაც მე პოლიტიკაში ვარ მას შემდეგ ასეა. 90- იანი წლების დასაწყისში ჩვენ გვაქვს სამოქალაქო ომის გამოცდილება, ჩემს და უფროსს თაობას ეს კარგად ახსოვს. მაშინაც იყვნენ გარე ძალები, რომლებიც ჩვენ მიმართ არ იყვნენ კეთილგანწყობილები და ჩვენ ვერ შევძელით სამოქალაქო ომის თავიდან აცილება. მთავრობა ითვალისწინებს ამას, ის იქცევა საკმაოდ ჭკვიანურად. კრიზისი ხელოვნურად არის გამოწვეული“-აღნიშნა პრეზიდენტმა.

კითხვაზე თუ რას გულისხმობს ხელოვნურში, ყაველაშვილი აცხადებს, რომ „დემოკრატიული ტრანსფორმაციის ეტაპზე მყოფი ქვეყნები, აწყდებიან ხოლმე მსგავს სიტუაციას, თუმცა სამოქალაქო ომი მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, თუ ეს გარედან ინსპირირებულია. ჩვენს შემთხვევაში სიტუაცია რუსეთ- უკრაინის ომმა გაამწვავა“.

მიხეილ ყაველაშვილი ასევე, აქცენტს აკეთებს რუსეთ-უკრაინის ომზე და განმარტავს, რომ „ომი ახალი დაწყებული იყო, როდესაც უცხოური  მთავრობის წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვა მოითხოვეს“.

„უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა მოგვთხოვეს მოხალისეების გაგზავნა, ასევე უნდა მივერთებოდით სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და გაგვეგზავნა იარაღი, რამდენადაც ეს სასაცილოდ არ უნდა ჟღერდეს. ვინაიდან ჩვენ რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტი არაერთხელ გვქონია, სულ ბოლო 2008 წელს, ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია და საქმე გვაქვს ატომურ სახელმწიფოსთან, ჩვენ უარი განვაცხადეთ. ჩვენ არც ევროკავშირის წევრი ვართ და არც ნატოსი, ომში მონაწილეობა ძალიან დაგვაზარალებდა. სწორედ ამიტომ ჩვენზე ხორციელდებოდა ზეწოლა. პირველ რიგში ეს შეეხო კანდიდატის სტატუსს.

ევროკავშირის კანდიდატ ტრიოს შორის  (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო) კანდიდატის სტატუსისთვის აუცილებელი საშინაო დავალება ყველაზე კარგად შევასრულეთ. მიუხედავად ამისა, საქართველომ სტატუსი პირველ ჯერზე ვერ მიიღო, რაც გაუგებარი იყო. ამ შემთხვევების შემდეგ, მე სხვა დეპუტატებთან ერთად დავაფუძნე დამოუკიდებელი ჯგუფი სახელად “ხალხის ძალა”. ჩვენი მიზანი იყო ამ ზეწოლის შესახებ საქართველოს მოსახლეობის გულწრფელად ინფორმირება. მაშინაც იმართებოდა საპროტესტო აქციები მთავრობის წინააღმდეგ.

თუმცა მთავარი კითხვაა, რა დაემართებოდა საქართველოს, მოთხოვნას რომ დავყოლოდით? ამას ვხედავთ უკრაინის მაგალითზე, რომელიც უამრავი ქვეყნის მხარდაჭერის მიუხედავად, ვერ ახერხებს რუსეთის შეჩერებას. ჩვენი ნაბიჯი იყო გაბედული. ეს ნიშნავს საქართველოს გადარჩენას. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ. ის და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი მარკო რუბიო, სწორედ იმას ამბობენ რასაც ჩვენ სულ ვამბობდით, ის, რომ ჩვენ ანტიამერიკულ ან ანტიდასავლურ ქმედებებს ვახორციელებდით, ეს დეზინფორმაციაა“-განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Back to top button