მამუკა მდინარაძე: მათივე უფლებების განუხრელი დაცვის პარალელურად, გავამკაცრებთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას. გამკაცრდება მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაც

მათივე უფლებების განუხრელი დაცვის პარალელურად, გავამკაცრებთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, გამკაცრდება მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაც.

„როგორც მოგეხსენებათ, ბოლო სამი დღის განმავლობაში უკვე ორჯერ ჩავატარეთ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა. პირველი სხდომის შემდეგ, ჩვენ საზოგადოებას ვუთხარით, რომ ვამკაცრებთ კანონმდებლობას, როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლისსამართლებრივი მიმართულებით პოლიტიკოსებზე, საჯარო მოხელეებზე, პოლიციელებზე და ა.შ. თავდასხმებთან დაკავშირებით. ასევე ვთქვით, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ყველა თავსმოხვეული საკანონმდებლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად იმისათვის, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს სახელმწიფოს მართვის ყველა შესაბამისი ბერკეტი და საშუალება.

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმაც, მათ შორის USAID-ის მსოფლიო მასშტაბის სკანდალმა და არა მხოლოდ ამან, ყველა დაარწმუნა, რომ ჩვენი ქვეყანა ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ და არარსებული პრობლემებით, გამოგონილი ბრალდებებით ვერავინ უნდა შეძლოს, ჩვენი სამშობლო ამყოფოს მუდმივი ჯანჯღარის რეჟიმში. ვერავინ უნდა შეძლოს საკუთარი მავნებლური, ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისათვის გამოიყენოს ჩვენი არასრულწლოვნები თუ სხვა ახალგაზრდები ან მათი გულწრფელი ემოციები.

ჩვენ უნდ შევძლოთ, რომ ენჯეოს წარმომადგენლებად თუ პოლიტიკოსებად შეფუთული აგენტურის ანტიქართული მოქმედებების პრევენცია მოვახდინოთ; უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ ცრუ და ქვეყნის გარედან თავსმოხვეული ბრალდებებისგან, პროპაგანდისგან და უზრუნველვყოთ ისეთი მედიასტანდარტის დამკვიდრება, როგორიც, მაგალითად, დიდ ბრიტანეთშია; ასევე უზრუნველვყოთ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის იმგვარ სტანდარტებთან თუნდაც ოდნავ მიახლოებული სტანდარტი, როგორიც, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებშია და საბოლოო ჯამში, უნდა შევქმნათ მოცემულობა, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ყოველთვის თავად ქართველმა ხალხმა შეძლოს და არა ნებისმიერმა ვინმე სხვამ. სწორედ აქ შეიძლება იყოს ეროვნული და ღირსეული, რეალურად ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების თანხვედრა. სწორედ ამ შემთხვევაშია მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი ეკონომიკის ზრდა და ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

ამ მიზნით წარმოგიდგენთ ძირითად საკითხებს ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან.

მომდევნო ორი თვის განმავლობაში:

გავამკაცრებთ ანტინარკოტიკულ პოლიტიკასა და კანონმდებლობას, სადაც სახელმწიფო ნარკოტიკის ნებისმიერი სახით გამსაღებლის მიმართ იქნება უკიდურესად მკაცრი, ხოლო, მომხმარებლებს მათი ყველა უფლების დაცვასთან ერთად უბიძგებს უარი თქვან ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებაზე; ბუნებრივია, ჰეროინის და მარიხუანას მომხმარებლებზე ერთნაირი დამოკიდებულება ნამდვილად არ იქნება.

ასევე, მათივე უფლებების განუხრელი დაცვის პარალელურად, გავამკაცრებთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას;
გამკაცრდება მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაც“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Back to top button