თეიმურაზ წიქვაძე ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი ბაჩიაშვილის საუბრის ჩანაწერზე: როდესაც ამ თემაზე დავიწყე განმარტებების გაკეთება, ბრალდებულს და მის წარმომადგენლებს პრეტენზია ჰქონდათ, რომ არ მოგვეხდინა შეფასებები

დღეს მიმდინარეობდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და როგორც იხილეთ, წაიკითხა პროკურორმა ის მტკიცებულებები, რომელიც საქმეში დევს. რაც შეეხება სამხარაულის დასკვნას, ეს დოკუმენტი ჩემთვის უცნობია, ჯერჯერობით არ მომეცა საშუალება რომ ამას გავცნობოდი. ბრალდებისთვის ცხადია, ცნობილია თუმცა, დაცვის მხარე დღეს გაეცნო, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, თეიმურაზ წიქვაძემ, გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე საუბრისას.

ადვოკატმა პროკურატურის მიერ პროცესზე წარმოდგენილ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილს შორის საუბარს ეხებოდა, განაცხადა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, მოწმის სახით ექსპერტს დაიბარებენ და ის მისცემს განმარტებებს.

ამასთან, წიქვაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საუბრის ჩანაწერი ექსპერტიზის დასკვნით ავთენტური არ არის, ამ ფორმითაც კი ადასტურებს ბიძინა ივანიშვილის პოზიციას.

„როგორც მოვისმინე, ამ დასკვნასთან დაკავშირებით სასამართლოში დაიბარებენ მოწმის სახით შესაბამის ექსპერტს და ის მისცემს განმარტებებს. ასევე, როგორც მოვისმინე, თავად ბრალდებულ ბაჩიაშვილს ალბათ, თავისი ალტერნატიული ექსპერტიზა აქვს შეკვეთილი და შემდგომ მოხდება ამის განხილვა სასამართლოს მიერ.

მე როდესაც ჩემი დაკითხვის დროს მქონდა მცდელობა, გარკვეული განმარტებები გამეკეთებინა ამ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი აზრით, პირდაპირ ადასტურებს ასევე, ამ ფორმით რა ფორმითაც წარმოდგენილია, ამ ფორმითაც კი პირდაპირ ადასტურებს ჩვენი მხარის პოზიციას. შესაძლოა, ექსპერტი ამბობს, რომ იქ ხარვეზებს აქვს ადგილი და არ არის ავთენტური, თუმცა, ამ ფორმითაც კი პირდაპირ ადასტურებს ჩვენი მხარის პოზიციას. თუმცა, როდესაც ამ თემაზე დავიწყე განმარტებების გაკეთება, ბატონ ბრალდებულ ბაჩიაშვილს და მის წარმომადგენლებს პრეტენზია ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით, რომ არ მოგვეხდინა შეფასებები“, – განაცხადა თეიმურაზ წიქვაძემ.

Back to top button