ალექსანდრე წულაძემ „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს‘‘ გადაცემის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ 2024 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა.

ალექსანდრე წულაძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულ მხარეებს მადლობა გადაუხადა და კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ალექსანდრე წულაძე: „პროფესიული განათლების ეროვნული დაჯილდოება, რომელიც წელს უკვე მეშვიდედ იმართება, წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, რომელიც საშუალებას გვაძლევს, აღვნიშნოთ და დავაფასოთ პროფესიულ განათლებაში ჩართული ყველა მხარის მიღწევები. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ კონკურსის ფარგლებში გამოვლინდებიან წლის საუკეთესო სტუდენტი, მასწავლებელი, საგანმანათლებლო პროგრამა და ბიზნესპარტნიორი. მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა ნომინაციის გამარჯვებულებს‘‘.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა, პროფესიული განათლების განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე.

ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებულები ოთხ საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ:

წლის პროფესიული განათლების სტუდენტი გახდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის „საბიბლიოთეკო საქმის‘‘ სტუდენტი მარიამ ჩხაიძე;

წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის წოდება დაიმსახურა კოლეჯ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის‘‘ მასწავლებელმა გურამ დავითლიძემ;

კოლეჯი „გლდანის მომზადების პროფესიული ცენტრი‘‘ პროგრამით – ინდუსტრიული დიზაინის შესრულება  2024 წლის პროფესიული განათლების პროგრამად დასახელდა;

წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორის ჯილდო კომპანია სს  „ლიბერთის‘‘ გადაეცა.

ალექსანდრე წულაძემ წლის პროფესიული პროგრამის გამარჯვებულს კუთვნილი ჯილდო პირადად გადასცა და კონკურსის გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცა.

ღონისძიებაზე, ძირითადი საკონკურსო კატეგორიების გარდა, ფინალისტებს საქართველოს პარლამენტმა და პროფესიული უნარების სააგენტომ  სპეციალური პრიზები გადასცეს.

დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით ასევე გამოვიდნენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ნინო წილოსანი, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი, პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელი ირინა მარგიშვილი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ზურაბ კერვალიშვილი და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, პროფესიული განათლების სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ყოველწლიური კონკურსი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით 2017 წლიდან იმართება. მისი მიზანია პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაცია. კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი.

Back to top button