
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მსოფლიო ბანკის დელეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციას სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი როლანდ პრაისი ხელმძღვანელობდა.
სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტი (GRAIL)“ მიმდინარეობის საკითხები განიხილეს.
დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს მრავალწლიანი ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარებაში სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობის შესახებ.
ყურადღება გამახვილდა GRAIL-ის კომპონენტებზე, რომელიც გულისხმობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას, საგრანტო პროგრამებს, სოფლის განვითარების სააგენტოს გაძლიერებას, ასევე, მიწის კონსოლიდაციის საკითხებს.
როგორც შეხვედრაზე როლანდ პრაისმა აღნიშნა, საქართველოში ყველა ხელშემწყობი გარემოება არსებობს მიმდინარე პროექტების დროული და ეფექტიანი განხორციელებისთვის. სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა ქართულ მხარესთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
შეხვედრას სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.