
კრიზისის ამ მრავალ მიმართულებაში კავშირების დადგენა ჩემთვის რთული იქნება, მით უმეტეს, ეკონომიკის დარგში შორეული განათლებაც არ მაქვს. რაც შეეხება ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობრივ კრიზისს, ვფიქრობ ეს დაკავშირებულია ჭეშმარიტების, აბსოლუტის სტატუსის გააზრების და განცდის, ან თუნდაც, მისით დაინტერესების გაცვეთა-გაფერმკრთალებასთან- განაცხადა ფილოლოგმა, პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა კონსერვატიულ პორტალთან, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ მიცემულ ინტერვიუში, სადაც უპასუხა კითხვას, „ევროპა რომ მრავალი მიმართულებით კრიზისში იმყოფება, ეს სადავო საკითხი აღარ არის. თქვენი აზრით, რა არის ამ კრიზისების საფუძველი, როგორც ღირებულებით, ასევე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილში, და არის თუ არა ურთიერთკავშირი ამ სამ ასპექტს შორის?“
მისივე თქმით, „დღეს არა მხოლოდ ჭეშმარიტების კრიზისი გვაქვს, არამედ, პირველ ყოვლისა, სწორედ ამ მეთოდის და საერთო კრიტერიუმების კრიზისი“.
„მაგალითად, შუა საუკუნეებში ადამიანი მშვიდად უყურებდა და იწონებდა ფაქტს, რომ ერეტიკოსს კოცონზე დაწვავდნენ − ეს დასავლეთშიც ხდებოდა და, შედარებით ნაკლები მასშტაბით, ბიზანტიაში, ასევე სხვა აღმ. ქრისტიანულ ქვეყნებში. ეს, ცხადია, დაუშვებელი და ქრისტიანობასთან შეუთავსებელი რამაა და ძალიან კარგი, რომ ისტორიის განვითარებასთან ერთად ეს წესი მოისპო, მეტიც − რელიგიური იდეების თავისუფალი და ღია გამოთქმის საშუალება კანონით დაცული გახდა. მაგრამ ამ დრომოჭმულ და ნეგატიურ შუასაუკუნეობრივ მოვლენაშიც შეგეძლო დაგენახა ერთი რამ, რაც დღეს ნაკლებად ჩანს: ხალხი რეალურად იყო დაინტერესებული ჭეშმარიტებით, მარადისობით, ღმერთით, საკუთარი მარადიული სტატუსით და სულის ღმერთთან, ანუ ჭეშმარიტებასთან კავშირით. ამიტომ, მათ მიაჩნდათ, რომ ერეტიკოსი უნდა დაისაჯოს, რადგან ის ცრუ სწავლებით მილიონობით ადამიანს ღუპავს. კათოლიკე წმინდანი თომა აკვინელი პირდაპირ წერს, რომ ერეტიკოსი უფრო დამნაშავეა, ვიდრე ყალბი ფულის მომჭრელი, რადგან პირველი გაცილებით მეტ და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ადამიანებს, ვიდრე მეორე.
ანუ, შუა საუკუნეებში აქცენტი არა იმდენად იმაზეა, თავისუფლება გაქვს თუ არა, ღიად გამოთქვა შენი აზრი ღმერთზე, ბიბლიაზე, რომელიც გამოცხადებულ ჭეშმარიტებად მიიჩნევა მორწმუნისათვის, არამედ იმაზე, თუ რას გამოთქვამ, რამდენად ონტოლოგიურად სწორია, ანუ ჭეშმარიტია შენი გამოთქმული. შუა საუკუნეებს ვერ დააბრუნებ, არც უნდა დაბრუნდეს და ეს ეპოქა თანამედროვეობასთან კონტრასტისთვის მოვიყვანე მხოლოდ. რაც მივიღეთ ევროპულ კულტურაში და მსოფლმხედველობაში საუკუნეების და მრავალი ისტორიული (სოციალური-პოლიტიკური) პერიპეტიების მერე, შეიძლება დახასიათდეს როგორც ონტოლოგიის კრიზისი, ანუ ჭეშმარიტების ტრადიციული გაგების გაცვეთა-გაუქმება. ეს ტრადიციული გაგება დაფუძნებული იყო ლოგიკა-დიალექტიკურ მეთოდზე, რომელსაც მიჰყავდი სინამდვილის, ჭეშმარიტების აღმოჩენამდე. ეს მეთოდი გაზიარებული იყო სხვადასხვა მოკამათე მხარის მიერ, ამიტომ კამათი „ღია ბოლოთი“ შესაძლებელი იყო, რადგან კამათის მეთოდი და კრიტერიუმები, ისევე, როგორც ცნებითი აპარატი, გაზიარებული იყო.
დღეს არა მხოლოდ ჭეშმარიტების კრიზისი გვაქვს, არამედ, პირველ ყოვლისა, სწორედ ამ მეთოდის და საერთო კრიტერიუმების კრიზისი. ნიცშე თავისი ცნობილი „ღმერთი მოკვდა“-თი, რაც იგივეა თქვა, რომ „ტრადიციული ონტოლოგია მოკვდა“, კი არ ქმნის რაიმე ახალს, არამედ აფასებს და განაჩენი გამოაქვს უკვე არსებული კრიზისული მდგომარეობისთვის, რასაც მე ზემოთ „ტრადიციული ონტოლოგიის კრიზისი“ დავარქვი. მართლაც, თუ მიიჩნევ და ირწმუნებ ნიცშესთან ერთად, რომ აღარ არის საყოველთაო ჭეშმარიტე(ბები)ბა, რომელთანაც მისვლა შეიძლება შეთანხმებული მეთოდითა და კრიტერიუმებით, იღებ სრულიად ახალ სამყაროს. ნიცშე ამ სამყაროს წინასწარმეტყველია და დღესასწაულობს მას, ხოლო ტრადიციული ონტოლოგიის დაღმასვლას, რასაც კრიზისი შეიძლება ვუწოდოთ, ნიცშე ილუზიის დაძლევად და „გამოღვიძებად“ მოიხსენიებს. ამის სულიერი შვილები არიან შემდეგ ათეისტი ეგზისტენციალისტები − სარტრი და კამიუ (თუმცა ეს უკანასკნელი თავს ეგზისტენციალისტად არ მიიჩნევდა), ჰაიდეგერი და მათი შემდგომი „ანასხლეტები“, პოსტმოდერნისტი მოაზროვნეები − მეორე პერიოდის ვიტგენშტაინი, ფუკო (გინდაც ამ უკანასკნელებს არ მოსწონებოდათ ეს ტერმინი, თავის მიმართ მიყენებული), ლიოტარი, დერიდა და სხვები. ამ ახალ ხედვაში აბსოლუტის/ჭეშმარიტის სამეფო ტახტი მოსუფთავებულია და ზედ სხვა რამეა დაბრძანებული: არჩევანის, ფიქრის, გამოთქმის, კანონის ფარგლებში ნებისმიერობის შეუზღუდავი შესაძლებლობა (განზრახ არ ვხმარობ სიტყვა „თავისუფლებას“), რაც შობს პლურალისტურ სამყაროს, მრავალი სამყაროს ერთდროულობას და მათ შორის იერარქიის დადგენის პრაქტიკულად შეუძლებლობას. ვფიქრობ, კრიზისის არსი იმაშია, რომ ინტელექტუალური განვითარება ფილოსოფიის სივრცეში წინ უსწრებს ზოგადად საკაცობრიო, ვფიქრობ, საღ ინტუიციას, რომ პოსტმოდერნიზმი თუ პოსტჭეშმარიტება − სიცრუეა და ტრადიციული ონტოლოგია − სიმართლე. ერთი მხრივ ამ საღი ინტუიციის და მეორე მხრივ, პოსტმოდერნულ ინტელექტუალურ-კულტურულ თუ სოციო-პოლიტიკურ მსოფლმხედველობას შორის (ეს უკანასკნელი კი ხშირად აგრესიული ფორმით ცდილობს დამკვიდრებას) კონფლიქტი ქმნის იმ კრიზისს, რაზედაც ზემოთ ვილაპარაკეთ.“-განაცხადა ლევან გიგინეიშვილმა.