
როდესაც საქართველოში დაინიშნა აშშ-ის ახალი ელჩი, ქალბატონი დანიგანი, მას შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრთან, მაშინ ბატონი კობახიძე გახლდათ ჩვენი პარტიის თავმჯდომარე. იმ შეხვედრაზე ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც იყო საუბარი და პრემიერ-მინისტრმა შეახსენა ქალბატონ ელჩს, რომ ეს იყო ღია კონკურსი და სამწუხაროდ, არც ერთ ამერიკულ კომპანიას არ გამოუხატავს ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ტენდერში მიეღოთ მონაწილეობა – ეს არის ფაქტი და ამ ფაქტს ვერ გაექცევი, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, „რადიო სივრცის“ ეთერში.
იგი გამოეხმაურა ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის განცხადებას, რომელმაც იმედგაცრუება გამოხატა მმართველი გუნდის გადაწყვეტილების გამო, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემის შესახებ.
მაჭავარიანის თქმით, ანაკლიის პორტი საქართველოსთვის უზარმაზარი შემოსავლის მომტანია და შესაბამისად, პრინციპულად მნიშვნელოვანია მისი აშენება. ასევე, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ პროექტის საკონტროლო პაკეტს ფლობს სახელმწიფო და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძეს ამ საკითხზე საუბარი ჰქონდა რობინ დანიგანთან.
„ჩვენ თუ საკითხი ისე უნდა დაგვიყენონ, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს აშენება და შესაბამისად, სხვასაც არავის ააშენებინოთ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას ვერ მივიღებთ. ჩვენთვის პრინციპულია ეს პორტი, ეს არის უზარმაზარი შემოსავლის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის პროექტი, სადაც საქართველო ფლობს 51 პროცენტს – საკონტროლო პაკეტს, რაც უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან საკონტროლო პაკეტი არის ჩვენს ხელში, ჩვენი შვილების, შვილთაშვილების და მომავალი თაობის ხელში.
ჩვენ ვითანამშრომლებთ იმ ჯგუფთან, ვისთანაც ყველაზე მეტი სარგებელი შეგვიძლია ვნახოთ, მაგრამ, ხაზგასმით ვამბობ, პრემიერს ამასთან დაკავშირებით რომ ჰქონდა საუბარი ქალბატონ ელჩთან, პირდაპირ წაუყენა ეს საკითხი, რომ თუ თქვენი ქვეყნის კორპორაციებს ან კომპანიებს აინტერესებს ამ პროექტში მონაწილეობა, მაშინ ამ ღია ტენდერში რატომ არ მიიღეს მონაწილეობა“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
სენატორ შაჰინის განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ გაავრცელა, აღნიშნულია: „ბოლო დროინდელი ცნობები მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს ჩინურ კომპანიას გადასცეს პროექტი, რომელიც შავ ზღვაზეა. ეს ის საკითხია, რომელზეც შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიშმა და მე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რათა საქართველო წინ წაგვეწია და ძალიან დიდი იმედგაცრუებაა ამ შესაძლებლობის გაქრობის ხილვა“.