
პირდაპირ ნაწილში მივიდნენ და გააფრთხილეს, თუ რომელიმე გაბედავდა და ჩემს გვერდით დადგებოდა, მიცვალებულს პატივს მიაგებდა, როინ შავაძეზე უფრო უარესი დღე მოელოდათ, – ამის შესახებ ციცინო შავაძემ ისაუბრა.
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის მკვლელობის საქმე განიხილება, მისი მეუღლე, ციცინო შავაძე, იხსენებს, თუ როგორ უკრძალავდნენ სამხედროებს პანაშვიდზე მისვლას.
ციცინო შავაძის თქმით, მისთვის სამძიმარი დღემდე არავის უთქვამს, რადგან პირდაპირ ნაწილში მივიდნენ და გააფრთხილეს სამხედროები, თუ რომელიმე გაბედავდა და მის გვერდით დადგებოდა, მიცვალებულს პატივს მიაგებდა, როინ შავაძეზე უფრო უარესი დღეში აღმოჩნდებოდნენ.
„დღემდე სამძიმარი არავის უთქვამს, რაზედაც გული ძალიან მტკივა. უბრალოდ, თანადგომას გამოხატავდნენ თანამშრომლები, ტელეფონით მეკონტაქტებოდნენ და ბოდიშს მიხდიდნენ. რომ გითხრათ, რომ მე მწყინს მათი – ვერ გეტყვით, იმიტომ რომ თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა წნეხი და საშინელება იყო იმ დროს, პირდაპირ ნაწილში მივიდნენ და გააფრთხილეს, თუ რომელიმე გაბედავდა და ჩემს გვერდით დადგებოდა, მიცვალებულს პატივს მიაგებდა, როინ შავაძეზე უფრო უარესი დღე მოელოდათ. გული მტკივა, რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მე მათზე ნაწყენი ვარ, იმიტომ რომ სიცოცხლე და ოჯახი ყველაფერია. თქვენ იცით, ალბათ, წარმოგიდგენიათ, კი კარგია თანამშრომელიც და ყველაფერიც, მაგრამ ვერ გაწირავ ყველაფერს, როდესაც გაფრთხილებენ, რომ თუ შენ იქ მიხვალ დაგსჯიან და მოგკლავენ,“- განაცხადა ციცინო შავაძემ.