შვეიცარიულმა ავიაკომპანია Edelweiss-მა საქართველოში ოპერირება დაიწყო – ციურიხიდან თბილისში პირველი რეისი შესრულდა

საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა – 13 აპრილიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Edelweiss-მა დაიწყო ოპერირება. კომპანია ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს.

Edelweiss 29 წლის წინ დაფუძნებული შვეიცარიული Swiss International Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს Lufthansa ჯგუფის მფლობელობაში შედის და ფრენებს ციურიხის ბაზიდან ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის კონტინენტზე 90 მიმართულებით ასრულებს.

ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას წინ უძღვოდა ინტენსიური მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და კომპანიას შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით, რომელიც წარმატებით დასრულდა. ავიაკომპანია Edelweiss საქართველოში ფრენებს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.

კომპანიის საქართველოში ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიღება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, შვეიცარიის ელჩმა საქართველოში ჰაიდი გრაუმ, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, საქაერონავიგაციის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა. მიღებას ასევე დაესწრნენ ციურიხიდან პირველი რეისით ჩამოფრენილი ავიაკომპანიის წარმომადგენლები და შვეიცარიელი ჟურნალისტები, კომპანია „ტავ ჯორჯიას” თანამშრომლები.

Back to top button