
საქართველოს ეროვნული ბანკი ფულადი გზავნილების 2025 წლის მარტის სტატისტიკას აქვეყნებს.
სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 291.86 მლნ აშშ დოლარი (811.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 3.9%-ით (10.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.2% იმ 25 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა მარტში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 25 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 96.5% მოდიოდა.
2025 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 32.1 მლნ აშშ დოლარი (89.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის მარტის (29.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8.5% მეტია.
ფულადი გზავნილების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.