
საკანონმდებლო ორგანომ „სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილება, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მესამე მოსმენით განიხილა და 80 ხმით მხარი დაუჭირა.
მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, ცვლილებათა პაკეტი ახლებურად დაარეგულირებს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებს. მისივე თქმით, ცვლილება შევიდა 189-ე გრაფაში, რომელიც ეხება ნარკოტიკული ნივთირებების დოზებს.
„ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის განსაკუთრებით დიდ ოდენობად ნაცვლად 1 გრამისა ჩაითვლება 0,5 გრამი, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ამ საშუალების როგორც შეძენა-შენახვის, ასევე გაყიდვისა და რეალიზაციის პრევენციას”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცვლილებების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექს ემატება ნორმები, რომლითაც დგინდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებებისთვის, როგორიც არის: ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა; ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანას, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღება, გაყიდვა.