ფუტკრის დაავადების ტროპილელაფსოზის მართვის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოში ფუტკრის დაავადება ტროპილელაფსოზის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ინტენსიური ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფი შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების, სამეცნიერო წრეების, ასოციაციების და კერძო მეფუტკრეების ჩართულობით იმუშავებს.

„სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ერთობლივად დავგეგმავთ და განვახორციელებთ ღონისძიებებს, რომლებიც დაავადების ეფექტიან მართვას, მათ შორის, გავრცელების მინიმიზაციას ისახავს მიზნად“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე, სადაც მონაწილეებმა დაავადების გავრცელების არეალზე, კონტროლის მექანიზმებსა და პრევენციულ ნაბიჯებზე იმსჯელა.

აღინიშნა, რომ მეფუტკრე-ფერმერები სამუშაო ჯგუფის ფორმატში მუშაობას მიესალმებიან და გამოთქვამენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ისე დარგობრივ ასოციაციებთან და სამეცნიერო წრეებთან არა მხოლოდ ტროპილელაფსოზის წინააღმდეგ ბრძოლის, არამედ მეფუტკრეობის დარგის განვითარების მიმართულებით.

დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის წევრმა გიორგი ლაკვეხელიანმა  რომელსაც 300 ფუტკრის ოჯახი ჰყავს, შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაავადების მართვის მთავარ გამოწვევად მისი დროული აღმოჩენა რჩება.

„გასული წლის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ტროპილელაფსოზი მართვადია, თუ მეფუტკრეები მას დროულად აღმოაჩენენ, ერთს მაინც თუ გამოავლენენ, ჩათვალეთ, რომ პრობლემა აღარ არის, რადგან ჩვენს ხელთ არსებული ზოოტექნიკური, ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებებით თავისუფლად შეგვიძლია პროცესი ვმართოთ“, – განაცხადა გიორგი ლაკვეხელიანმა.

კომპანიის „მეთაფლია“ დამფუძნებლის, როლანდ ზირაქაშვილის თქმით, მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინირებული მუშაობა და დროული რეაგირება ქმნის შესაძლებლობას, თავიდან იქნეს აცილებული საფუტკრეების მასობრივი დაზიანება.

„დღეს უკვე გვაქვს საჭირო პრეპარატები და ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ როგორც ქიმიური, ასევე ზოოტექნიკური მეთოდებით. მზად ვართ დაავადებას ეფექტიანად ვუპასუხოთ“, – განაცხადა როლანდ ზირაქაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ტროპილელაფსოზის სავარაუდო შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ეპიდემიოლოგიური მოკვლევა განახორციელა. ფუტკრის ოჯახებს ჩაუტარდა კლინიკური დათვალიერება და აღებული ნიმუშები გაიგზავნა როგორც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, ასევე საფრანგეთში მდებარე რეფერალურ ლაბორატორიაში. დაავადების იდენტიფიკაციის, მართვის სტრატეგიებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ შემუშავდა საინფორმაციო მასალები, რომლებიც მეფუტკრეებს უკვე დაურიგდათ.

Back to top button