სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო ერთ სულზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2030 წლამდე პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა.

ისტორიაში პირველად, სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო ერთ სულზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია და ამ ლიდერობას 2030 წლის ჩათვლით ინარჩუნებს.

საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მოხვდა 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულებში.
• ერთ სულზე რეალური მშპ-ს ზრდის ტემპი
• $GDP per capita მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ზრდის ტემპი
• $GDP per capita მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით მუდმივ ფასებში ზრდის ტემპი

1. სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოს ეკონომიკა ერთ სულზე 2024 წელს 10,7%-ით გაიზარდა. რითაც მსოფლიოში გავიდა მეორე ადგილზე გაიანას შემდეგ, 21-ე საუკუნეში ერთ სულზე რეალური ეკონომიკის ისტორიული პროგრესით კი საქართველომ მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მოხვდა. სავალუტო ფონდის შეფასებით ჩვენი საუკუნის პირველ მეოთხედში ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ყველაზე მაღალ ზრდას გაიანას ეკონომიკა აჩვენებს. გაიანას რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ერთ სულზე ამ 25 წლიან პერიოდში 876%-ს გადააჭარბებს, მეორე ადგილზე ჩინეთია 513%-იანი ზრდით, მესამეზე კი საქართველო გადის, რომლის რეალური ეკონომიკა ერთ სულზე 21-ე საუკუნის პირველ მეოთხედში 370 %-ით მოიმატებს. აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველო ასეთ ლიდერობას 2030 წლის ჩათვლით შეინარჩუნებს. 2030 წელს ერთ სულზე რეალური ეკონომიკის 30 წლიანი ზრდით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე იქნება და ამ სამათეულწლიან პერიოდში ზრდა 500%-ს გადააჭარბებს.

2. მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე (GDP per capita PPP) ნომინალური ეკონომიკის ზრდით საქართველო 2024 წელს მსოფლიოში მეორე ადგილზე დაწინაურდა. სავალუტო ფონდის შეფასებით ზრდამ 13,3%-ს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ საქართველო ასევე მეორე ადგილზე გავიდა ამ მაჩვენებლის 12 წლიანი გაუმჯობესებითაც. 2012 წელთან შედარებით ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ერთ სულზე საქართველოში 173%-ით გაიზარდა და 2024 წელს 28 258 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველო ამ მაჩვენებლის ისტორიული პროგრესითაც 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში მოხვდა. სავალუტო ფონდის შეფასებით, 21-ე საუკუნის პირველ მეოთხედში ერთ სულზე ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკის მაჩვენებელი საქართველოში 793%-ით გაიზრდება და 2025 წელს 30 749 საერთაშორისო დოლარს გაუტოლდება. ასეთ ლიდერობას საქართველო მომდევნო 5 წლის მანძილზე შეინარჩუნებს და 2030 წელსაც 30 წლიანი ზრდის ტემპით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში იქნება. ერთ სულზე ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2030 წელს 43 434 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბებს.

3. ფონდის შეფასებით, საქართველოს ნომინალური ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით (GDP PPP, current prices) 2024 წელს უკვე გახდა 12 ნიშნა სიდიდე, გადააჭარბა 104 მილიარდ 403 მილიონ დოლარს და ისტორიაში პირველად გადაუსწრო ლუქსემბურგს, რომლის ეკონომიკა 2024 წელს 100 მილიარდ 527 მლნ დოლარს გაუტოლდა. 2024 წლიდან საქართველოს აქვს უფრო დიდი ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ვიდრე ევროკავშირის და შენგენის ზონის 6 ქვეყანას _ ლუქსემბურგს, ლატვიას, ესტონეთს, კვიპროსს, მალტას და ისლანდიას. 2029 წლისთვის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 149 მილიარდ საერთაშორისო დოლარს გადააჭარბებს, და პირველად გადაასწრებს სლოვენიას, რომლის ეკონომიკაც 2029 წლისთვის 147 მილიარდამდე გაიზრდება. 2030 წელს საქართველოს ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 159 მილიარდ 758 მილიონი საერთაშორისო დოლარი გახდება და 2025 წელთან შედარებით გაიზრდება 41%-ით. 2030 წელს საქართელოს ექნება უფრო დიდი ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ვიდრე ევროკავშირის და შენგენის ზონის 7 ქვეყანას: ლუქსემბურგს, სლოვენიას, ისლანდიას, მალტას, კვიპროს, ლატვიას და ესტონეთს.

Back to top button