ჯაბა სამუშიამ სამეცნიერო კონფერენცია “ივანე ჯავახიშვილი – 149” გახსნა

ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 149-ე წლისთავის აღსანიშნავად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გახსნა, ინტერდისციპლინურ სამეცნიერო კონფერენციაზე პროფესორ-მასწავლებლებმა ივანე ჯავახიშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობაზე მოხსენებები წარმოადგინეს.

უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით, მომავალ წელს, ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეს აღსანიშნავად შეიქმნება კომისია, რომელიც დაკომპლექტდება საუნივერსიტეტო საზოგადოების, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საპატრიარქოს წარმომადგენლებით, უნივერსიტეტების რექტორებით. „სექტემბრიდან დავიწყებთ აქტიურ სამზადისს, რომ ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილე არა მარტო უნივერსიტეტმა, არამედ მთელმა ქვეყანამ აღნიშნოს,“ – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, მეოცე საუკუნის ქართული მეცნიერება, პოლიტიკური ცხოვრება, ქართული საზოგადოების აზროვნება განსაზღვრა ივანე ჯავახიშვილის მიერ დაარსებულმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. „ივანე ჯავახიშვილი იყო ევროპული მეცნიერების მიმდევარი. მან სხვა მასშტაბში და სხვა დონეზე აიყვანა საქართველოს ისტორიის კვლევა. დიდი მეცნიერის გარდა, ის იყო ღირსეული ადამიანი, გამორჩეული პატრიოტიზმით და თავმდაბლობით“, -აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 149-ე წლისთავისადმი მიძღვნილი პროფესორ-მასწავლებელთა ინტერდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა. ფაკულტეტის ორგანიზებით, ასევე, გაიმართება ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.

„ეს დღე არა მარტო უნივერსიტეტელებისთვის, არამედ ყველა ქართველისთვის მნიშვნელოვანია. 149 წლის წინ დაიბადა ადამიანი, რომლის დამსახურებითაც  ვასწავლით, ვსწავლობთ და ვიკვლევთ უამრავ რამეს“,-განაცხადა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ. მისი თქმით, ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ტრადიციულად, ყოველ 23 აპრილს აღნიშნავს.

ღონისძიების შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პროფესორებთან და სტუდენტებთან ერთად ივანე ჯავახიშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო.

Back to top button