ირაკლი კირცხალია: „მეგობარი აქტის“ სათაურიც კი შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის, წინ სენატია, შემდეგ პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი – ვნახოთ, როგორ მიჰყვება აშშ-ის პრეზიდენტი გაცხადებულ პოლიტიკას

კოშმარია ის ძალა, არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, მსოფლიოსთვის, საიდანაც იმართებიან ე.წ. ლობისტები და ვითომ დემოკრატიის სახელით მოსაუბრე, პირდაპირ დიქტატის დამმყარებელი ხელისუფალნი თუ ბიუროკრატები. კოშმარზე როდესაც საუბრობენ, ამის მორალური უფლება უნდა ჰქონდეთ, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ „მეგობარი აქტის“ მხარდაჭერაზე საუბრისას.

მისი თქმით, „მეგობარი აქტის“ სათაურიც კი შეურაცხმყოფელია საქართველოსთვის და ქართული საზოგადოებისთვის. ასევე, კირცხალიას განცხადებით, წინ სენატში მოსმენაა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი აღნიშნულ აქტს, შესაბამისად, გამოჩნდება, თუ რამდენად მიჰყვება ტრამპი მისი მიერვე გაცხადებულ პოლიტიკურ კურსს.

„რაც შეეხება „მეგობარ აქტს“, თვითონ სათაურიც შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის. რაც შეეხება ამ აქტის ისტორიას, თუ საიდან შეიქმნა, რომელი კომისიები გაიარა, ვინ იყო საქართველოდან წარმომადგენელი და ე.წ. ცრუ დამსმენი თავისი სახელმწიფოს წინააღმდეგ. შემდეგ ის სახელები და გვარები, ის ლობისტური ჯგუფები, რომლებიც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ლობირებენ – ვნახეთ, რომ რაღაც ეტაპამდე მივიდა ეს ყველაფერი. ასე რომ დაველოდოთ, რა განვითარება მოჰყვება. წინ სენატია, შემდეგ პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი. შევხედოთ, იმ გაცხადებულ პოლიტიკას როგორ და რა ძალისხმევით მიჰყვება აშშ-ის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, ეს ძალიან მალე გამოჩნდება“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მეგობარი აქტის სახელით ცნობილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 42 კონგრესმენი.

Back to top button