
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილთანდა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ გიორგი დარჩიასთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაბანეურში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი მარანი დაათვალიერა.
„ბაბანეურის მარანი“ შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 2016 წელს შეიქმნა. მარნის მოწყობისათვის შეღავათიანმა აგროკრედიტმა 500,000 ლარი შეადგინა. მარანი, რომელიც წლიურად 8-10,000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, ღვინის ექსპორტს ახორციელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში. „ბაბანეურის მარანს“ ვენახები 11 ჰექტარზე აქვს გაშენებული. მარანში მუდმივად 5, სეზონურად კი 15 ადამიანია დასაქმებული.
დავით სონღულაშვილმა ქართული წარმოების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი მცირე მარნები და შემდგომ მასთან დაკავშირებული სასტუმრო ინფრასტრუქტურა როგორც ქართული წარმოების, ისე ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ სოფლის განვითარების სააგენტო 10 წელიწადზე მეტია ახორციელებს. პროექტის ძირითად ამოცანებს ფერმერების და აგრობიზნესში ჩართული პირების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში 2013 წლიდან 2025 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით 900-ზე მეტ უნიკალურ ბენეფიციარზე ბანკების მიერ გაიცა 500 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 1,500-მდე სესხი, ხელშეკრულებით განსაზღვრულმა სააგენტოს თანადაფინანსებამ 120 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა.