დავით სონღულაშვილი ყვარელში სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულთან კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილთან და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, ყვარელში სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო.

კახეთის სატყეო სამსახურში 15 მეტყევე და 57 ტყის მცველია დასაქმებული. შენობა აღჭურვილია მაღალი სტანდარტების საჭირო ინვენტარით და ტექნიკით. ადგილობრივი მოსახლეობა განახლებულ სივრცეში ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა სერვისით სარგებლობს.

სატყეო სამსახურის თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელთა სამუშაო პირობებსა და სოციალურ გარანტიებზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და შესაბამისმა აღსრულებამ მათი დაცულობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო მეტყევეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას უზრუნველყოფს; გარდა ამისა, უკანონო ჭრების გამოვლენის დროს, რაც ხშირ შემთხვევაში გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება, განსაზღვრულია წახალისების ფორმის გამოყენება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დასაქმებულთა მოტივაციას.

ეროვნული სატყეო სააგენტო, ქვეყნის მასშტაბით, 9 რეგიონულ სატყეო სამსახურს აერთიანებს.

Back to top button