თბილისში „ახალი ღვინის ფესტივალი“ გაიმართა

ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თბილისში, „მთაწმინდის პარკში“, „ახალი ღვინის“ ფესტივალი გაიმართა.

სახელმწიფო პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, უკვე მეორე წელია, ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის.

„ახალი ღვინის ფესტივალი“ 2010 წლიდან, „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანი ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშებისა და მარნების აღმოჩენა, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა. წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 170-მდე როგორც მცირე, საშუალო და დიდი მწარმოებლის 2024 წლის მოსავლის ღვინოები. ღონისძიება, ტრადიციულად, ქვევრის გახსნის ცერემონიით დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება და მას, ტრადიციულად, ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები და მოყვარულები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ.

Back to top button